ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
15-10-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამას ადასტურებს ისიც, რომ მასწავლებელმა - თამარ აქირთავამ პირველკლასელებს ანბანის სწავლა დღესასწაულად უქცია.

მან ბავშვებისთვის სკოლაში საზეიმო გარემო შექმნა. კლასი შთამბეჭდავად - დეკორაციებით მორთო, რამაც მოსწავლეების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

„პირველი კლასის მასწავლებლები ვცდილობთ, რაც შეიძლება ორიგინალურად, შემოქმედებითად, შთამბეჭდავად და საინტერესოდ დავგეგმოთ ეს გაკვეთილი, რათა შევქმნათ ამაღლებული განწყობა, რაც გაჰყვება ბავშვებს მთელი საანბანო პერიოდი“, - აღნიშნავს პედაგოგი.

მასწავლებელმა, პირველკლასელებს საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა, რომელშიც ბავშვები დიდი სიხარულით ჩაერთნენ.

„ჩემი მოსწავლეებისთვის ასეთ ლამაზ გარემოში დაიწყო პირველი საანბანო გაკვეთილი. მხიარული და სახალისო აქტივობებით შევქმენი წერა-კითხვის შესასწავლი ატმოსფერო“, - გვიყვება მასწავლებელი.

მოსწავლეებმა დიდი მონდომებით შეასრულეს პირველი ხელნაწერი „აი ია“ და „ანბანეთის სამყაროში“ შეაბიჯეს.

„აი ია“ - ეს არის თავდაპირველი სიტყვა ყველა ქართველისა!

პირველი საანბანო გაკვეთილი, პირველი ასო-ბგერების გაცნობა, პირველი სიტყვისა და პირველი წინადადების ჩაწერა-წაკითხვა - ეს ყოველივე იმდენად სასიხარულო, საზეიმო და ამაღელვებელია, რომ წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს თითოეულ მოსწავლეზე.

გილოცავთ, პატარებო! ბედნიერი მოგზაურობა „ანბანეთში“, - ამბობს პედაგოგი თამარ აქირთავა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203