ოზურგეთის N4 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ.
ერთ-ერთი ასეთი პედაგოგი რუსუდან რუსიეშვილი გახლავთ. ამჯერად, მან მოსწავლეებთან ერთად, სამაგიდო თამაში - „მითხარი მეტი, Tell me more, расскажи мне еще“ - შეიმუშავა. პირველი ეტაპი კითხვების მოფიქრება იყო, რაც პედაგოგმა მოსწავლეებს დაავალა. მან ბავშვებს სთხოვა, ისეთი ერთი კითხვა დაეწერათ, რასაც მეგობრებს დაუსვამდნენ.
მას შემდეგ რაც მოსწავლეების მოფიქრებული შეკითხვები მოგროვდა, 24 ერთმანეთისგან განსხვავებული შეკითხვა შეირჩა და სამენოვან ბარათებზე განთავსდა. 8 შეკითხვა ქართულ, 8 - ინგლისურ, 8 კი რუსულ ენაზეა.
როგორც მასწავლებელი გვიყვება, მოსწავლეებმა სამაგიდო თამაშის დაფაზე მონეტა უნდა დადონ და ის ბარათი აიღონ, რომელზეც ეს მონეტა გაჩერდება. ბარათის აღების შემდეგ კი, იმ შეკითხვას პასუხობენ, რომელიც ბარათზეა დატანილი.
აღსანიშნავია, რომ სამაგიდო თამაშის დაფა და ბარათები canvas-ის საშუალებით შეიქმნა.
„პირველი ეტაპი კითხვების გენერირებაა, რასაც ინტერნეტზე უკეთ ბავშვები აკეთებენ ხოლმე. ამიტომ, google forms-ის საშუალებით, მოსწავლეებს ვთხოვე მოეფიქრებინათ ერთი შეკითხვა, რომელსაც მეგობარს დაუსვამდნენ. ჩემი სკოლის მასწავლებლებს ვთხოვე ბმულის გაზიარება სადამრიგებლო კლასებში, რათა კითხვები მრავალფეროვანი ყოფილიყო.
თითოეულ ბარათს მეორე მხარეს არის ნომერი 1-დან 24-ის ჩათვლით. რადგან ბარათების ნაწილი ქართულადაა, ნაწილი ინგლისურად, ნაწილი კი რუსულად, მოსწავლეებს შესაძლოა ერთმანეთის დახმარება დასჭირდეთ, რაც ასევე ურთიერთობის დამყარების ერთ-ერთი საშუალებაა“,- აღნიშნავს პედაგოგი რუსუდან რუსიეშვილი.
იხილეთ ვიდეო და ფოტო: