პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა, რომელიც განსაზღვრავს პროფესიული განათლების მასწავლებლის კომპეტენციებს.
დოკუმენტის თანახმად, პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის განსაზღვრულია 6 სტანდარტი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს დაზუსტებებს და კომპეტენციებს.
ბრძანებაში გაწერილია: ა) სტანდარტი 1. ანალიზი და დაგეგმვა – დარგის განვითარების უახლესი ტენდენციების, განახლებული ცოდნისა და ტექნოლოგიების, მათ შორის სწავლა-სწავლების ახალი მეთოდოლოგიის და პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ინდივიდუალური საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, სასწავლო პროცესის დაგეგმვა, კოლეგებთან თანამშრომლობით, შესაბამისი მარეგულირებელი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით;
ბ) სტანდარტი 2. სასწავლო გარემოს მოწყობა – უსაფრთხო, პოზიტიური და პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მხარდაჭერაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა ინკლუზიური სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად და სწავლის შედეგების მისაღწევად;
გ) სტანდარტი 3. სასწავლო პროცესის წარმართვა – პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვა სასწავლო გეგმის და სწავლის შედეგების შესაბამისად, თანამედროვე/მრავალფეროვანი მეთოდების, ტექნოლოგიებისა და სასწავლო რესურსების გამოყენებით;
დ) სტანდარტი 4. პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მიღწევების შეფასება – პროგრამისა და სწავლის შედეგების შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტების შერჩევა, შექმნა/ადაპტირება და გამოყენება; პროფესიული სტუდენტის/მსმენელის შეფასების შედეგების ანალიზი, საჭიროებისამებრ უკუკავშირის მიწოდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;
ე) სტანდარტი 5. ეთიკური და ეფექტიანი სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბება – პროფესიულ სტუდენტთან/მსმენელთან, კოლეგებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობითი, საქმიანი, ეთიკური და ეფექტიანი ურთიერთობის წარმართვა;
ვ) სტანდარტი 6. საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა – პროფესიის მიმართ წაყენებული მოთხოვნებისა და საკუთარი საქმიანობის ანალიზის საფუძველზე უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.