ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - არეკნაზ დარბინიანმა მე-10 კლასის მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა თემაზე - ილია ჭავჭავაძის - „კაცია ადამიანი“.
დავალება გულისხმობდა ცნობილი ნაწარმოების მთავარი გმირის - ლუარსაბ თათქარიძის სახლ - კარის მაკეტის დამზადებასა და პრეზენტაციის წარდგენას.
კლასი დაყოფილი იყო სამ სამკაციან ჯგუფად. მასწავლებელმა მოსწავლეებს აუხსნა დავალების მიზანი და შესრულების ეტაპები, დავალების პირობაც. ჯგუფებმა აირჩიეს დავალების შესრულებისთვის სასურველი ფორმატი (ხატვა, კომპიუტერული ვერსია, მუყაოს ქაღალდით).
ჯერ კეთებით სწავლებას შეუდგნენ: დაამზადეს ლუარსაბისა და დარეჯანის სახლ-კარის მაკეტი, შემდეგ იმუშავეს ტექსტზე: რა იყო ტექსტში, რა შეიცვალეს თავიანთი წარმოდგენით და რატომ? გაიმეორეს უკვე ნასწავლი ლექსიკური ერთეულები და წარადგინეს პრეზენტაცია. პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრეს დავალების შესრულებისას რა იყო რთული და რა იყო მარტივი, ხელახლა, რომ ჰქონდათ იგივე დავალება რას შეცვლიდნენ და რატომ?
სასწავლო პროცესი მეტად საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
„ძალიან სახალისო გაკვეთილი იყო, რადგან ყველა მოსწრების მოსწავლე მონაწილეობდა და ყველა ჩართული იყო საგაკვეთილო პროცესში“,- გვეუბნებიან სკოლაში.
მასწავლებლის თქმით, ასეთი დავალებები დაეხმარება მოსწავლეს უკეთ გაიაზროს სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები, საინტერესოს და მიმზიდველს გახდის სასწავლო პროცესს, მოსწავლეებს განუვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს და დაეხმარება მეტაკოგნიციაშიც.
იხილეთ ფოტოები: