„მნიშვნელოვანია საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვა“ - დირექტორები მოსწავლეთა განწყობის შექმნაზე
18-10-2024

სკოლა ზრდასრულობისკენ მიმავალი ის დიდი გზაა, რომელიც შეიძლება ვთქვათ, რომ მოსწავლეების მომავალი ცხოვრების კურსს განსაზღვრავს. სწორედ სკოლის პერიოდში ხდება სამყაროს შეცნობა,  მსოფლმხედველობისა და ძირითადი ღირებულებების ჩამოყალიბება - თუმცა საინტერესოა, უხარიათ თუ არა მოსწავლეებს სკოლაში სიარული და რას აკეთებენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ხელმძღვანელები იმისთვის, რომ სკოლა იყოს ადგილი, რომელიც სასურველი და კომფორტული იქნება მოსწავლეებისთვის. 

საკუთარ მიდგომებსა და ხედვებს სკოლის ლიდერები გვიზიარებენ:

ზურაბ აკობიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის ისუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია და ამისთვის, პირველ რიგში საჭიროა პროფესიონალი კადრები, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა - ჩვენ სკოლაში ამის პრობლემა არ არის, თუმცა მხოლოდ მაღალი ხარისხის განათლებისა და თეორიული ცოდნის გადაცემა არ არის საკმარისი მოსწავლეებისთვის… ვფიქრობ, მნიშვნელოვანია კოლექტიური გასვლები, კინოში, თეატრში, ექსკურსიებზე, ჩვენ ქალაქში არ ვცხოვრობთ და ამ აქტივობებს მეტად ინტენსიურად ვერ ვგეგმავთ, იმდენი შესაძლებლობა არ გვაქვს ამ კუთხით, რაც შესაძლოა თბილისის სკოლებს ჰქონდეთ, თუმცა ვცდილობთ, რომ მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი იყოს.

რევაზ ჯოჯუა, სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის დირექტორი:

იმისთვის, რომ მოსწავლეებს სკოლაში მისვლა უხაროდეთ, უნდა ეწყობოდეს მრავალმხრივი აქტივობები, რაც მათ ინტერესებზე იქნება მორგებული. ჩვენ ავტორიზებული სკოლა ვართ, გვაქვს საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურა, მოსწავლეებისთვის ყველა პირობა შექმნილია და ცხადია, ეს მათ განწყობაზე დადებითად აისახება. ისინი აქტიურად სარგებლობენ ლაბორატორიებით, კომპიუტერების ოთახით, მოედნებით, დროს საკმაოდ ხალისიანად ატარებენ… ჩემი მოსწავლეების მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, სკოლაში საერთო ძალებით გვაქვს ისეთი გარემო შექმნილი, სადაც მათ მოსვლა ნამდვილად უხარიათ.

გულნაზი ხორბალაძე, თბილისის N128 საჯარო სკოლის დირექტორი:

ბევრი რამ უნდა გააკეთოს დირექტორმა, პირველ რიგში ბავშვებს უნდა მოუსმინოს მათი აზრი, განწყობა, დამოკიდებულება გაიგოს და გაითვალისწინოს ბავშვების სურვილები. მე არ ვამბობ, რომ ყველა სურვილი სრულყოფაში უნდა მოიყვანოს, თუმცა კრიტიკული შენიშვნები, რაც მოსწავლეებს აქვთ უნდა გაითვალისწინოს. მოსწავლეები ხშირად არიან მასწავლებლების ობიექტური შემფასებლები. ხშირად უნდა ტარდებოდეს მათ გამოკითხვა. ჩვენ გვაქვს ასეთი პრაქტიკა: სემესტრში ერთხელ ვატარებთ გამოკითხვებს, სადაც ისინი აფასებენ სასკოლო საზოგადოებას, მშობლებს, მოსწავლეებს და მასწავლებლებს, შემდეგ ვაანალიზებთ და შედეგის მიხედვით ვასწორებთ ხარვეზებს. დირექტორის ხელში ძალიან დიდი ბერკეტია - მოუსმინოს სასკოლო საზოგადოებას და გაითვალისწინოს მათი კრიტიკული შენიშვნები, სხვანაირად განვითარება არ იქნება და არც ბავშვს არ მოუნდება სკოლაში წასვლა. როცა მოსწავლე ხედავს, რომ მისი აზრი გათვალისწინებულია და ის წარმოადგენს პიროვნებას, არა მარტო კლასში, გაკვეთილზე, არამედ სასკოლო სივრცეში, მას სკოლაში მისვლაც გაუხარდება. მატერიალური თვალსაზრისით ძალიან ვცდილობთ, რომ მოსწავლეებს ყველა პირობა შევუქმნათ, თუმცა ხშირად არ გვაქვს ამის რესურსი.

ნატო ოდიშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტოლის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ, რომ მათ უსაფრთხო, მეგობრული გარემო შევუქმნათ, გარემო სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ, გავითვალისწინოთ მათი ინტერესები და თეორიულ ცოდნასთან ერთად, შევთავაზოთ საინტერესო აქტივობები, რომლებიც მათ განწყობას აუმაღლებთ. განწყობა არის უმთავრესი, თუ მოსწავლეებს კარგი განწყობა ექნებათ, მათ სკოლაში მისვლა ყოველთვის გაუხარდებათ.

ნანა მიქავა, წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:

მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემო, სადაც დაცული იქნება ბავშვების უფლებები, მოსწავლეები სკოლაში თავს კომფორტულად და დაცულად უნდა გრძნობდნენ, ამის შემდეგ კი შეგვიძლია ვიზრუნოთ განწყობაზე. მათი განწყობის ამაღლებისთვის კი მნიშვნელოვანია საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვა, რაც მათ ინტერესებზე იქნება მორგებული, მეთოდის: სწავლა კეთებით, გამოყენება, რაც ყოველთვის იწვევს მათ დაინტერესებას და განწყობაზეც დადებითად აისახება.

ნინო ხორგუანი, გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლის მაგალითზე, ნამდვილად ვერ დავიჩივლებ მოსწავლეებში განწყობის უქონლობაზე, მათ სკოლაში ყოფნა უხარიათ და ამას გამოხატავენ ჩახუტებით, თბილი სიტყვებისა და კომპლიმენტებით. ის, რომ მოსწავლეებს სკოლაში მოსვლა უხაროდეთ ყველაზე მეტად მასწავლებლებზეა დამოკიდებული, მე მიხარია, რომ ჩემს სკოლაში მოსწავლეებზე უზომოდ შეყვარებული პედაგოგები ასწავლიან და ამას ყოველთვის გრძნობენ ბავშვები. არსებობს პროგრამა, მაგრამ გადახვევაც აუცილებელია ხოლმე, ხშირად სახელმძღვანელოებში არ არის გაწერილი ისეთი აქტივობები, რაც მოსწავლეების განწყობის ამაღლებაზე იქნება ორიენტირებული, ამაზე ზრუნვა კი ჩვენს პროფესიონალ პედაგოგებს უწევთ და თავსაც საკმაოდ წარმატებით ართმევენ.

ბეჟანი შავაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

ამისთვის მნიშვნელოვანია მოტივაციის ამაღლება, პედაგოგები მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყვნენ და ჰქონდეს კარგი ურთიერთობა მოსწავლეებთან. შეიძლება მოსწავლემ გაკვეთილი ვერ მოამზადოს, მაგრამ მასწავლებლის სიყვარულის გამო მივიდეს სკოლაში, მე ასე ვაკეთებდი. მახსოვს, ნამეცადინები არ მქონდა, მაგრამ ძალიან მიყვარდა მასწავლებელი და მაინც სიხარულით მივდიოდი სკოლაში - განწყობა და დამოკიდებულება არის უმთავრესი და ამაზე პედაგოგებმა განსაკუთრებით უნდა იზრუნონ.

სალომე აბრამიშვილი, პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის არგვეთის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლესაც და მასწავლებელსაც სკოლაში მისვლა უხაროდეთ, ამისთვის ხელმძღვანელის როლი გადამწყვეტია. უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ყველა ბედნიერია და ყველა სიხარულით მიდის - ამისთვის კი, თანამშრომლობითი, კეთილგანწყობილი გარემოს არსებობაა აუცილებელი, მასწავლებელსა და მასწავლებლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს და ასევე თავად მოსწავლეებს შორის. მოსწავლეები უნდა გრძნობდნენ, რომ მათ ყველა აღიქვამს პიროვნებებად, თითოეული მათგანის სიტყვა და მოსაზრება მისაღები და დაფასებულია სკოლაში. როცა მოსწავლე გრძნობს, რომ მის შესაძლებლობებზე, ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული სასწავლო გარემო, შესაბამისად სკოლაში მოსვლაც ახარებთ. 

ნანა ჯანელიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჩორჯოს საჯარო სკოლის დირექტორი:

დადებითი ატმოსფერო უნდა შევუქმნათ მოსწავლეებს, ამისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანური, ასევე მატერიალური რესურსი. გაკვეთილები უნდა დავგეგმოთ ისე, რომ მოსწავლეებისთვის იყო საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო. ზოგადად ვფიქრობ, რომ თეორიული და პრაქტიკული სწავლება შეთავსებული და დაბალანსებული უნდა იყოს. ჩვენ საბაზო სკოლა ვართ და განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, ვცდილობთ, რომ თამაში სწავლების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ვაქციოთ, ბავშვების განწყობაზეც ვიზრუნოთ და იმავდროულად მათ თეორიული მივაწოდოთ - ასეთი გაკვეთილები არასდროსაა მოსაწყენი და სადაც ბავშვი მხიარულადაა იქ მისვლა ყოველთვის ახარებს.

ლიანა დოლიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მუხრანის N3 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი:

დირექტორმა ისეთი მშვიდი და სასიამოვნო გარემო უნდა შექმნას, რომ მოსწავლეებს სკოლაში მისვლა უხაროდეთ, პირველ რიგში, გარემო და ამ გარემოში სიტუაცია, თუნდაც მასწავლებლის მოქმედებები და ქცევები, რაც მოსწავლეების განწყობაზე დადებითად აისახება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203