პროფესიული განათლების მასწავლებელი თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, კოდექსისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომ – დაწესებულება) მიერ დადგენილი წესის/წესების შესაბამისად.
2. პროფესიული განათლების მასწავლებელი დაკისრებულ საქმიანობას ახორციელებს კეთილსინდისიერად, პატიოსნად, პროფესიონალურად.
3. პროფესიული განათლების მასწავლებელი პროფესიულ საქმიანობაში არის მიუკერძოებელი, ობიექტური, პატივს სცემს სხვათა უფლებებს და ზრუნავს მასწავლებლის პროფესიის იმიჯსა და რეპუტაციაზე.
4. პროფესიული განათლების მასწავლებელი საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია:
ა) ხელი შეუწყოს ნდობისა და პატივისცემის კულტურის დამკვიდრებას დაწესებულებაში; ზოგადსაკაცობრიო (პლურალიზმი, ტოლერანტობა, დემოკრატია), მულტიკულტურული, მულტიეთნიკური, გენდერული თანასწორობის ღირებულებების დამკვიდრებას;
ბ) დაიცვას დაწესებულების მიერ დადგენილი შინაგანაწესი და უსაფრთხოების წესები;
გ) უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც გამორიცხავს ძალადობასა და დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად;
დ) დაიცვას პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის (მათ შორის, პერსონალური მონაცემების) კონფიდენციალურობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) პროფესიული საქმიანობისას (მათ შორის, საგანმანათლებლო რესურსების შექმნისა და გავრცელების პროცესში) დაიცვას სხვა პირთა ინტელექტუალური საკუთრება, მათ შორის გამოგონებები და საავტორო უფლებები;
ვ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, მუდმივად გაეცნოს სფეროში მიმდინარე სიახლეებს;
ზ) ხელი შეუწყოს პროფესიული რეპუტაციის დაცვას და თავი შეიკავოს ისეთი ქცევისგან, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიის დისკრედიტაცია;
თ) გაუფრთხილდეს დაწესებულების მატერიალურ და საგანმანათლებლო რესურსს და გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ (დაუშვებელია მატერიალური და სასწავლო რესურსის გამოყენება პირადი მიზნებისთვის). რესურსების გამოყენებისას გაითვალისწინოს გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების პრინციპები.