რა შემთხვევაში გაიცემა მასწავლებელზე განსხვავებული ანაზღაურება - გამონაკლისი მინისტრის ბრძანებაში
16-10-2024

პროფესიული განათლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები დამტკიცდა, რომელიც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ პროფესიული განათლების მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა მოიცავს:

ა) საკონტაქტო საათებს, რომელიც გულისხმობს პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის სწავლებისთვის განსაზღვრულ საათებსა და ამავე პროგრამის შემადგენელი მოდულის სწავლის შედეგების დადასტურებისთვის განსაზღვრულ შეფასების საათებს; 

ბ) არასაკონტაქტო საათებს, რომელიც გულისხმობს პროფესიული განათლების  მასწავლებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროცესისთვის მოსამზადებელ საათებს.

რაც შეეხება ანაზღაურების მოცულობას, იგი განათლების მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით დგინდება, თუმცა საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება ეძლევათ, განსხვავებული ანაზღაურება გასცენ, თუმცა ის არ უნდა იყოს ბრძანებით განსაზღვრულ მინიმალურ სარგოზე ნაკლები:

„პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურების (შემდგომ – ერთი საათის შრომის ანაზღაურება) მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება უფლებამოსილია პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურების ოდენობა განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი მინიმალური ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ერთი ციკლის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯების დეფიციტი. ამასთან, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203