ორპირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოხუცთა პანსიონატის ბენეფიციარებს მხატვრული ნომრებით დღე გაულამაზეს
12-06-2018
ორპირის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა სოციალური პროექტი - „ჩვენც დავბერდებით“ განახორციელეს. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ქუთაისში მდებარე მოხუცთა პანსიონატის ბენეფიციარები მოინახულეს და ტკბილეული და საკუთარი ხელით დამზადებული საჩუქრები მიართვეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი მშობელთა ჩართულობის ხარისხის ამაღლების, ინფორმირების, პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებისა  და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. 

„პროექტს აქტიურად უჭერდნენ მხარს მე-8 კლასის მოსწავლეთა მშობლები. აღსანიშნავია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თეა კალანდაძის (მე-8 კლასის მოსწავლის დავით დოღონაძის მშობელი) ინიციატივა შემოწირულობის შეგროვებაში. ამ შემოწირულობით მოსწავლეებმა ტკბილეული შეიძინეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

მოსწავლეებმა ასევე მოხუცთა პანსიონატის ბენეფიციარებისათვის კონცერტი გამართეს  და ისინი გაამხიარულეს. ღონისძიების პატარა მონაწილეებმა: თეკლა ლანჩავამ, მარიამ და ლუკა ტყაბლაძეებმა, ინა გორგიძემ და ასევე მე-11 კლასის მოსწავლეებმა ანა ლომთაძემ, მეგი კაკუშაძემ და ლევან კუბლაშვილმა მოხუცებს მხატვრული ნომრებით დღე გაულამაზეს.

პროექტის განხორციელებას ხელი შეუწყო  სკოლის დირექტორმა ირინა ბერეკაშვილმა, მე-8 კლასის დამრიგებელმა ინეზა გაბელაიამ, გეოგრაფიის მასწავლებელმა მაია ივანეიშვილმა. მხატვრულად კი ღონისძიება ნათელა გორგიძემ  გააფორმა.

„შეხვედრამ გულთბილ და ამაღელვებელ გარემოებაში ჩაიარა. აქტივობამ ემპათიის უნარი აღძრა მოსწავლეებში. თვალცრემლიან მოხუცებს დაჰპირდნენ, რომ კვლავაც ესტუმრებოდნენ მათ და თანატოლებსაც მოუწოდებდნენ მსგავსი აქციის განხორციელებისაკენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203