ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში სიმულაციური თამაში გაიმართა 
17-10-2024

ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. სკოლაში, ფორმალურ განათლებასთან ერთად, დიდი ყურადღება ექცევა არაფორმალურ განათლებას.

ამჯერად, სკოლაში პროექტის ფარგლებში, გაიმართა სიმულაციური თამაში „ადგილობრივი თვითმმართველობა“ - ფასილიტაცია.

„სიმულაციური თამაში არის არაფორმალური განათლების მეთოდი, რომელიც ქმნის გამარტივებული სახის რეალობას, რათა მონაწილემ გაიაზროს გარკვეული სიტუაციაში მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორები და მათი ურთიერთქმედება.

მეთოდი მონაწილეებს სთავაზობს სხვადასხვა სიტუაციას, რომლებშიც გამოცდიან არაერთ ქცევით მოდელს და ურთიერთსაპირისპირო გადაწყვეტილებებს.

მასში მონაწილეს საშუალება აქვს ცხოვრებისეულ რეალობასთან დაახლოებულ სიტუაციებში პრაქტიკულად გამოიყენოს და გამოავლინოს თეორიული ცოდნა, მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები და ღირებულებები“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ თამაშის მონაწილეები ირგებენ როლს და ცდილობენ სპეციფიკური პრობლემის გადაჭრას ერთმანეთთან თანამშრომლობითა და თამაშში შეთავაზებული სხვადასხვა საშუალებებით.

თამაშის სცენარში მოცემულია სოციალურად და პოლიტიკურად აქტუალური პრობლემა, რომლის მოგვარებაც მოთამაშეებს მოუწევთ ისეთი როლების მორგებით, რომლებიც დაინტერესებული მხარეებიც არიან და შესაძლოა იმავდროულად კონფლიქტის მხარეებიც აღმოჩნდნენ.

თამაშის მთავარი პირციპი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, შემდეგნაირია: უნდა შეიქმნას სიტუაცია, რომელშიც მონაწილეებს მოუწევთ არამხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღება, არამედ თანამონაწილეობა საერთო შეთანხმებებშიც.

აღნიშნულ სიმულაციურ თამაშში მონაწილეობდნენ მე-9 კლასის მოსწავლეები. სიმულაციას უძღვებოდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მარი ჭელიძე.

ბავშვებმა სხვადასხვა სიტუაციას თავი შესანიშნავად გაართვეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობა განხოცრიელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203