ფოთში სტიქიის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.
უხვი ნალექის შედეგად დატბორილია გზები, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ეზოები და მისასვლელი ადგილები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, შეჩერდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება 21 ოქტომბრიდან, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე“, - აცხადებენ ფოთის მერიაში.
უწყების განცხადებით, ფოთში მესამე დღეა სტიქიაა, რომელმაც მძიმე შედეგები მოიტანა - „გუშინდელი მონაცემებით, ნაბადის უბანში ქარბორბალას შედეგად 13, წვიმის შედეგად კი 23 ოჯახი დაზიანდა. ცენტრის უბანში დაზარალებულია - 45 ოჯახი, კუნძულის უბანში ქარბორბალას შედეგად 3 ხოლო წვიმის შედეგად 20 ოჯახია დაზარალებული. მალთაყვის უბანში ქარბორბალას შედეგად დაზიანდა 30 საცხოვრებელი სახლის სახურავი, დატბორვის შედეგად კი 80 საცხოვრებელი სახლი“.