წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტებში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის ეკოკლუბმა - „მაგნოლიამ“ ქიმია-ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებლის - ცირა ბერეკაშვილის ლიდერობითა და ორგანიზაცია Let's do it-Georgia-სთან თანამშრომლობით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოაწყო.
მოხალისეებმა პლასტიკის, თუნუქის, მეტალისა და სხვა ტიპის ნარჩენები შეაგროვეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მადლობის ნიშნად, პედაგოგ ცირა ბერეკაშვილს გადაეცა World Clean-up Day-ის დირექტორის, ჰეიდი სოლბასა და World Clean-up Day Georgia-ს დამფუძნებლის, გიორგი აზარაშვილის ხელმოწერილი სერტიფიკატი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
იხილეთ ფოტოები: