ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში სასწავლო გარემო მოსწავლეების საჭიროებებზეა მორგებული. 2024-2025 სასწავლო წლიდან მოსწავლეები სრულად რეაბილიტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში სწავლობენ.
შენობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდა და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
სკოლაში მოეწყო ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე, სკოლაში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა და სასადილო. ამასთან, შენობა სრულად აღჭურვილია ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით.
აღსანიშნავია, რომ განახლებულ, რეაბილიტირებულ სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ესტუმრა.
მინისტრთან ერთად ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ქალაქ ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.
სკოლის სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.