მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ საშუალო სკოლაში ჩვენი ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთიან კონტექსტში გააზრების მიზნით დაიგეგმა სასკოლო პროექტი - „წმინდა გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი“.
სასკოლო პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, უფროსკლასელთათვის მოეწყო სკოლის დირექტორის - არქიმანდრიტ ილია ნასიძის ძალისხმევით გადაღებული დოკუმენტური ფილმის - „წმინდა გრიგოლ ხანძთელის“ ჩვენება. ფილმის ჩვენებამდე კი მოსწავლეებსა და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებს დაურიგდათ საგანგებოდ, ფილმის პრეზენტაცისათვის, დაბეჭდილი ბუკლეტები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ფილმმა დიდი ინტერესი აღძრა მოსწავლეებში როგორც გრიგოლ ხანძთელის პიროვნების, ასევე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“, როგორც ერთიანი ენის, ერთიანი რწმენის, ერთიანი მამულის იდეის მატარებელი თხზულების მიმართ.
პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია უფროსკლასელი მოსწავლეების, მათი მშობლების თანადგომითა და მასწავლებელთა დახმარებით მომზადებული პრეზენტაციების, საინფორმაციო ბუკლეტების წარდგენა სასკოლო საზოგადოებისათვის. ასევე დაგეგმილია ტაო-კლარჯეთში გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით აგებული ეკლესია- მონასტრების მონახულება.
„ვფიქრობთ, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კვლევითი და შემოქმედებითი უნარების განითარებას. ამასთან შესაძლებლობას მისცემს მათ, ჩვენი ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის ჭრილში გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული და ქრისტიანული ინტერესების თანხვედრა“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: