„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“ მოსწავლეებს მხარს უჭერს აქტიურად ჩაერთონ საგანმანათლებლო ინიციატივებში, შეძლონ თავიანთი იდეების საუკეთესოდ წარმოჩენა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ასპარესზე.
ამჯერად, სკოლის გუნდი საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტ - STEM ოლიმპიადაში მონაწილეობდა. პირველი სეზონი დასრულდა, რაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა „ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ გუნდისთვის.
გამარჯვებული სწორედ ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდი გახდა, რომელიც ბანკის დაფინანსებით, ჟენევაში, CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) ლაბორატორიაში საგანმანათლებლო ვიზიტით გაემგზავრა.
STEM ოლიმპიადაში 6 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდები საკუთარი სკოლის სახელით ასპარეზობდნენ. გუნდის მენტორი, ამავე სკოლის მასწავლებელი კი გუნდს ლიდერობას უწევდა და ეხმარებოდა მუშაობაში, მასალების დამუშავებაში, მეცადინეობასა და გუნდურობაში.
ქართულ-ამერიკულ სკოლას გამარჯვება მოუტანა - ვასილ გოგოლაძის, არჩილ ბერაიას, ვატო გოგიას, თორნიკე გაბელაიასა და ნიკოლოზ ყულოშვილისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომელსაც მენტორობას მათი ფიზიკის მასწავლებელი გოგა სუქნიძე უწევდა.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადა ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ, თეორიულ ტურში მონაწილეებმა ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში გამოავლინეს ცოდნა. ხოლო მეორე, პრაქტიკულ ტურში, საუკეთესო 10-მა გუნდმა 6 საათის განმავლობაში ინჟინერიის ამოცანებზე იმუშავა და ჭკვიანი სახლები შექმნა. პროექტის ფარგლებში მონაწილეები ინტენსიურ ტრენინგებსა და კურსებს გადიოდნენ კომაროვის პროფესიონალებთან და STEM ექსპერტებთან ერთად.
რაც შეეხება საგანმანათლებლო ვიზიტს, მის ფარგლებში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიური გამოფენა მოინახულეს, შეხვდნენ ქართველ მეცნიერებს და მათთან ერთად სხვადასხვა ცდაში მიიღეს მონაწილეობა. ესტუმრნენ ჟენევის უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიასა და ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტს. ასევე მოინახულეს გაერო-ს შტაბ-ბინა და შეხვდნენ საქართველოს მისიის წარმომადგენლებს.