პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის განსაზღვრულია 6 (ექვსი) სტანდარტი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს დაზუსტებებს და კომპეტენციებს. სტანდარტი განსაზღვრავს პედაგოგიური საქმიანობის ზოგად ნიშნულებს, რომლთა დაკმაყოფილება აუცილებელია პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ. დაზუსტება კი წარმოადგენს თითოეული სტანდარტის დეტალურ აღწერას.
პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტებია:
ა) სტანდარტი 1. ანალიზი და დაგეგმვა – დარგის განვითარების უახლესი ტენდენციების, განახლებული ცოდნისა და ტექნოლოგიების, მათ შორის სწავლა-სწავლების ახალი მეთოდოლოგიის და პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ინდივიდუალური საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, სასწავლო პროცესის დაგეგმვა, კოლეგებთან თანამშრომლობით, შესაბამისი მარეგულირებელი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით;
ბ) სტანდარტი 2. სასწავლო გარემოს მოწყობა – უსაფრთხო, პოზიტიური და პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მხარდაჭერაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა ინკლუზიური სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად და სწავლის შედეგების მისაღწევად;
გ) სტანდარტი 3. სასწავლო პროცესის წარმართვა – პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვა სასწავლო გეგმის და სწავლის შედეგების შესაბამისად, თანამედროვე/მრავალფეროვანი მეთოდების, ტექნოლოგიებისა და სასწავლო რესურსების გამოყენებით;
დ) სტანდარტი 4. პროფესიული სტუდენტის/მსმენელის მიღწევების შეფასება – პროგრამისა და სწავლის შედეგების შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტების შერჩევა, შექმნა/ადაპტირება და გამოყენება; პროფესიული სტუდენტის/მსმენელის შეფასების შედეგების ანალიზი, საჭიროებისამებრ უკუკავშირის მიწოდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;
ე) სტანდარტი 5. ეთიკური და ეფექტიანი სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბება – პროფესიულ სტუდენტთან/მსმენელთან, კოლეგებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობითი, საქმიანი, ეთიკური და ეფექტიანი ურთიერთობის წარმართვა;
ვ) სტანდარტი 6. საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა – პროფესიის მიმართ წაყენებული მოთხოვნებისა და საკუთარი საქმიანობის ანალიზის საფუძველზე უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
გაეცანით თითოეული სტანდარტის დაზუსტებას