როგორ სწავლობენ და ერთობიან სან დიეგოს უნივერსიტეტში - ქართველი სტუდენტის თვალით დანახული განსხვავება
საქართველოში ბევრი წარმატებული სტუდენტია, რომელთა უმრავლესობა სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ახერხებენ. საინტერესოა მათი თვალით დანახული განსხვავება განათლების ქართულ და უცხოურ სისტემას შორის. სწორედ ამიტომ,
Etaloni.ge წარმოგიდგენთ სტუდენტს, რომელმაც აშშ-ში, კალიფორნიაში, სან დიეგოს უნივერსიტეტში ბიოქიმიის ამერიკულ პროგრამაზე გაცვლითი პროგრამით ერთი სემესტრი გაატარა.
კესი კაციტაძე Etaloni.ge-ს მკითხველს ამერიკული სწავლის სტილის შესახებ მოუთხრობს.
- კესი, კალიფორნიაში, სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლობდით. რა იყო თქვენთვის პირველივე ეტაპზე მკაფიო განსხვავება საქართველოსა და აშშ-ს სასწავლებლებს შორის?- მთავარი განსხვავება უზარმაზარი კამპუსი იყო. სან დიეგოში უნივერსიტეტის ტერიტორია პატარა ქალაქივით არის და ყველაფერს აქ იპოვით: ე.წ. დორმს (საერთო საცხოვრებელი), ბიბლიოთეკას, საკვებ ობიექტებს თუ სალექციო/ლაბორატორიის კორპუსებს, ფაკულტეტების მიხედვით.
- რა დროს უთმობდნენ სან დიეგოელი სტუდენტები სწავლას, გართობას და სამსახურს?- აქაც მნიშვნელოვანი განსხვავება დავინახე, რაც სწავლის მიმართ სტუდენტთა მოტივაციასა და მიდგომას უკავშირდება. ისინი სწავლაში საკმაოდ დიდ თანხას იხდიან. შესაბამისად, ქართველი სტუდენტების ნაწილისგან განსხვავებით, ლექციების გაცდენაზე ჩასაფრებული არ არიან. პირიქით, თუ ლექტორმა რაიმე მიზეზის გამო ლექცია გააცდინა, მას საკმაოდ ცუდად ახასიათებენ და ლექციის აღდგენასაც სთხოვენ. მიიჩნევენ, რომ ეს მათი უფლებების დარღვევაა. ამის მიუხედავად, გართობის დროც ყოველთვის რჩებათ. ახერხებენ დრო სწორად გადაანაწილონ. ასეთი გარემო კი ჩემთვის საკმაოდ უცხო, საინტერესო და მოტივაციის მომცემი იყო.
სტუდენტების უმრავლესობა სასწავლო საათების გათვალისწინებით პირველი-მეორე კურსიდანვე საქმდება. სტუდენტობა მათთვის იმ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას ნიშნავს, როცა საკუთარი თავის სარჩენი ფული თავად უნდა გამოიმუშაონ, სარეცხი რეცხონ, სახლი ალაგონ, იმუშაონ და რაც ყველაზე მთავარია - ისწავლონ. ვისურვებდი, მსგავსი დამოკიდებულება ქართველი სტუდენტების უმრავლესობაშიც მენახა.
- სად მუშაობენ სტუდენტები და რითი ერთობიან?- სტუდენტები ძირითადად კამპუსის ტერიტორიაზე, ბიბლიოთეკაში, ლაბორატორიის ასისტენტად ან პროფესორის დამხმარედ მუშაობენ, ასევე-კაფე-რესტორნებსა თუ სავაჭრო ცენტრებში. მათთვის ნებისმიერი სახის სამსახური პრესტიჟულად და დიდ წარმატებად ითვლება. ნულიდან იწყებენ და თავიანთ მომავალს თვითონ ქმნიან. მყავდა მეორე კურსელი მეგობრებიც, რომლებიც pfizer-ში და სხვა წამყვან ბიოფარმაცევტულ კომპანიებში პრაქტიკას გადიოდნენ, ზოგი კი პირველი კურსიდან უნივერსიტეტის ანაზღაურებად კვლევებში იყო ჩართული. რაც შეეხება გართობას, როგორც ყველასთვის, რთული კვირის შემდეგ მათთვისაც დასვენება პარასკევი საღამოდან იწყება. ძირითადად, რაგბის თამაშებზე უყვართ სიარული, ასევე, სან დიეგოს სანაპიროზე კოცონს ანთებენ და მეგობრები იკრიბებიან ხოლმე; ლაშქრობებსა თუ ქალაქის ცენტრში მდებარე კლუბებში დადიან, ერთმანეთის სახლებშიც ხშირად იკრიბებიან. ალკოჰოლის მიღება და სხვადასხვა სახის გართობა შაბათ-კვირის აუცილებელი ატრიბუტია.
- როგორი დამოკიდებულებაა სტუდენტებსა და ლექტორებს შორის?- სტუდენტების მიმართ პროფესორებს ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. უშუალო და მეგობრული ატმოსფეროა და თუნდაც, ჩემი მაგალითი რომ ავიღოთ, ჩასული უცხოელი მათთვის დისკრიმინაციის ობიექტი არასდროს ხდება. პირიქით, რამდენჯერაც ვთქვი, რომ საქართველოდან ვიყავი, იმდენჯერ დიდი ინტერესი, სითბო და აღტაცება გამოხატეს. მათთვის ყველა სტუდენტი თანაბრად მნიშვნელოვანია, ეროვნების, რელიგიის და შეხედულებების მიუხედავად. ყველას დიდ პატივს სცემენ და საჭიროების შემთხვევაში მეგობრულადაც შეუძლიათ რჩევა მოგცენ და დაგარიგონ. თუმცა შეღავათების ცნება ლექტორებისთვის სრულიად უცხოა-მეგობრული დამოკიდებულება მათთვის არასდროს არ ნიშნავს ნიშნის მომატებას, ან ნაკლებ სიმკაცრეს.
-
ქართული განათლების სისტემის ხარვეზებზე ბევრს საუბრობენ. თქვენ რა არ მოგწონთ ამ მხრივ?- განათლების პრობლემა სკოლებიდან იწყება-არაკვალიფიციური პედაგოგებიდან, სწავლის ძველმოდური მეთოდებიდან, დისციპლინის სისტემის არარსებობიდან და ა.შ. ეს გარემო მოსწავლეებს შრომასა და სწავლას არ აჩვევს, არც-პოტენციური პროფესიის სიყვარულს; პირიქით, პროფესიის არჩევისას აბნევს, რადგან პედაგოგის არასწორი და ნეგატიური გავლენა ნებისმიერ დამალულ ტალანტს ჩრდილავს და, ხანდახან, მოსწავლეს საგანსაც კი აზიზღებს. დღევანდელ ფონს თუ შევხედავთ, სკოლის მოსწავლეები უფრო იმას სწავლობენ, რომ გართობა და დროს ტარება ყველგან შეიძლება და სწავლასა და გართობას შორის მათთვის საზღვარი არ არსებობს. მსგავსი მიდგომით ადამიანს შრომას ვერ შეაჩვევ, შრომის გარეშე კი ვერც იმ საფეხურამდე მივა, რომ დასაქმდეს და დამოუკიდებლად იცხოვროს. სწორედ ამიტომ გვყავს საქართველოში იმ მოზარდთა და ზრდასრულთა წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა, რომლებიც მშობლების კისერზე ცხოვრობენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველა პედაგოგს, მოსწავლეს და ოჯახს არ ეხება. უბრალოდ, თუ გვინდა უნივერსიტეტების დონეზე ცვლილებებს აზრი ჰქონდეს, ჯერ სკოლებშია საჭირო ძირეული ცვლილებები.
იხილეთ ფოტოები