საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში წარმატებით მუშაობს შემოქმედებითი გუნდი - „იაკამი“. მისი წევრები დიდი მონდომებით ეუფლებიან მუსიკალურ ხელოვნებას, ცეკვებს, ქორეოგრაფიის ისტორიასა და ფოლკლორულ ტრადიციებს, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
ახლახან, სკოლის შემოქმედებითი გუნდი „იაკამი“ თბილისის ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობდნენ, სადაც მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა საზეიმო ვითარებაში.
ნინო ბიბილურის ხელმძღვანელობით გუნდი ყოველწლიურად მონაწილეობს აღნიშნულ ფესტივალში და სხვადასხვა ნომინაციაში საპრიზო ადგილებზე ლიდერობს.
შემოქმედებითი საღამოს მონაწილეებს, ჯილდოები და სიგელები დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა გადასცეს.
სკოლის დირექტორმა, ლალი მელივამ, გუნდის წევრებს მიულოცა დამსახურებული წარმატება და დააჯილდოვა სამახსოვრო სიგელებით.
ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალი, თბილისის მერიის დაფინანსებითა და დედაქალაქის საკრებულოს მხარდაჭერით, უკვე მესამედ ტარდება და მიზნად არასახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი თბილისის ბავშვთა ფოლკლორული გუნდების ხელშეწყობას ისახავს.
ღონისძიებაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ მონაწილეებს ჯილდო მიულოცა და განაცხადა, რომ თბილისი არის მულტიკულტურული, მულტიეთნიკური ქალაქი და მნიშვნელოვანია, რომ წელს ფესტივალში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ფოლკლორული ანსამბლები კვლავ მონაწილეობენ.
იხილეთ ფოტოები: