„ეტალონში“ მოპოვებულ საპრიზო თანხას განათლებისთვის ვიყენებ“
13-06-2018
„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი ახლოვდება.

სულ მალე, 26 ივნისს, ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზული ფინალი რუსთაველის  თეატრში გაიმართება. 

2016-2017 სასწავლო წელს ბათუმში გამართულ ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალზე 83 მონაწილეს შორის მე-2 ადგილზე „სიღნაღის ეტალონი მოსწავლე“ სოფი ყარალაშვილი გავიდა, საქობოს საჯარო სკოლიდან.  


Etaloni.ge დაინტერესდა, რა შეიცვალა მის ცხოვრებაში „ეტალონში“ მონაწილეობის შემდეგ და რას ურჩევს ის ახლანდელ ფინალისტებს:
 

- თავდაპირველად, მინდა ვთქვა, რომ „ეტალონი“, მართლაც, ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც თავისი მიზნებიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, მომავლის საქმეს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოსწავლეებთან უშუალო შეხვედრით ნიჭიერ და განათლებულ ახალგაზრდებს ახალისებს და წარმატებისკენ უკვალავს გზას. პროექტი საკუთარი შესაძლებლობებისა და ცოდნის გამოცდის საშუალებას იძლევა. ჩემპიონატში მონაწილეობისას ზედმეტი წარმოდგენები არ უნდა შეიქმნა თავზე და საკუთარი ძლიერი, თუ სუსტი მხარეები რეალურად შეაფასო.
 

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში „ეტალონში“ მონაწილეობის შემდეგ?

- პირველ რიგში, პროექტმა თავდაჯერებული გამხადა და სტიმული მომეცა მუდმივი წინსვლისთვის. შარშან ზაფხულს, „ეტალონის“ ფინალის შემდეგ, რამდენიმე ბანაკში ვიყავი და ყველგან მცნობდნენ - „შენ ის სოფი არ ხარ?!“ - მეუბნებოდა ბევრი. სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც ყველა მცნობს და დიდი სიყვარულით მკითხულობს. მრავალ საინტერესო პროექტში მივიღე მონაწილეობა და ინტელექტ-ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილება მომავალი წარმატებებისთვის გამოვიყენე.

- ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის კომპანია „ბათმშენი 2007-მა“ 6000 ლარიანი ფულადი პრიზით, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 800 ლარიანი ვაუჩერით დაგაჯილდოვათ...  

- დიახ, დღესაც დიდ სიხარულ მგვრის ამ წუთების გახსენება. საპრიზო თანხა ჯერ არ დამიხარჯავს, ეტაპობრივად განათლებაში ვაპირებ ამ ინვესტიციის ჩადებას. ორი კვირის წინ ლიტვაში ვიყავი სასწავლო კურსით წასული. ახლა ეროვნული გამოცდების მოლოდინში ვარ, იურისტობა მინდა. სამომავლო გეგმები ზუსტად განსაზღვრული არ მაქვს, ერთი ვიცი, რომ აქტიურად გავაგრძელებ ინტელექტუალურ-შემეცნებით წინსვლასა და განვითარებას.

- რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა მონაწილეობენ „ეტალონის“ ფინალში?

- პირველ რიგში, არ უნდა იფიქრონ სხვების შესაძლებლობებზე, ვიღაც უფრო ჭკვიანია, ვიღაც ნაკლებად. მთავარია არ იღელვონ, იყვნენ თავდაჯერებულნი და გააკეთონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203