რის მიხედვით შეიძლება გაიყოს კლასები საჯარო სკოლებში - ესგ
27-10-2024

ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, საუბარია იმაზე, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაიყოს კლასი საჯარო სკოლაში, რამდენ მოსწავლეზე და რომელ საგნებში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საჯარო სკოლაში კლასის გაყოფა დასაშვებია შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა (თუ მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს), ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (თუ მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს), უცხოური ენები (თუ მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 20-ს) და კომპიუტერულ ტექნოლოგიები, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჩ7“ ქვეპუნქტის ,,ჩ7ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სკოლებს კი შეუძლიათ კლასი გაყონ იმ საგანშიც/საგნებშიც, რომელსაც აძლიერებენ. უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით. რაოდენობრივი შეზღუდვა არ ეხება კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ასევე ჯგუფებსა და განაყოფებს, რომლებიც დაკომპლექტებულია მეორე უცხოური ენების არჩევანის შესაბამისად. თუ მეორე უცხოურ ენაში ერთი კლასის ფარგლებში განსხვავებულ არჩევანს აკეთებს  ერთი ან ორი მოსწავლე, რეკომენდებულია მეორე უცხოურ ენაში კლას-კომპლექტის შექმნა სხვა პარალელურ კლასთან.

ასევე, მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში დასაშვებია კლას-კომპლექტების შექმნა.

„თუ კლასში ერთი ან ორი მოსწავლეა, რეკომენდებულია სხვა კლასთან კლასკომპლექტის შექმნა. კლას-კომპლექტში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს. კლას-კომპლექტები რეკომენდებულია შეიქმნას საფეხურის ფარგლებში და ერთ კლას-კომპლექტში არ გაერთიანდეს ორ კლასზე მეტი. I-IV კლასები შეიძლება დაკომპლექტდეს სხვადასხვა პრინციპით (მაგ.: I-II და III-IV კლასებად, ან I და III, II და IV კლასებად). სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფებს მიკუთვნებული საგნების გაკვეთილებზე შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე კლასი (მაგ.: I, II და III; IV,V და VI; VII, VIII და IX და ა.შ.). კლას-კომპლექტებში სწავლა-სწავლების პროცესი მთლიანად უნდა დაეფუძნოს დიფერენცირებული სწავლების მიდგომებს“, - აღნიშნულია ესგ-ში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203