ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო, საგანმანათლებლო თუ შემეცნებით აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ეშტიის N1 საჯარო სკოლაში, მწერალ ვიქტორ ჰოვსეფიანის დაბადებიდან 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში ეშტიის N1 და N2, თორიის, უჩმანისა და ყაურმის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ჩატარების ადგილი სიმბოლურად შეირჩა - ვიქტორ ჰოვსეფიანი სწორედ ამ სკოლაში ასწავლიდა სომხურ ენას/ლიტერატურას და გერმანულს.
ღონისძიება ორ ნაწილად ჩატარდა. მოსწავლეებმა დასაწყისში პოეტის საბავშვო ნაწარმოებებიდან წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები როგორც ქართულად, ასევე სომხურად, ხოლო მეორე ნაწილში გაიმართა ვიქტორინა 4 სოფლის - ეშტიის, თორიის, უჩმანისა და ყაურმის სკოლების მოსწავლეებს შორის.
ღონისძიებას მწერლის ოჯახის წევრები, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დასამახსოვრებელი და ემოციური იყო.
იხილეთ ფოტოები: