მობილური ტელეფონები განურჩევლად ასაკისა, ყველა ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. მიუხედავად უამრავი დადებითისა, ტექნოლოგიების გამოყენებამ შესაძლოა მოზარდები ცუდ შედეგებამდე მიიყვანოს. სწორედ ამიტომ, რამდენიმე ქვეყანაში გაჯეტების გამოყენება სკოლებში აიკრძალა. ჩვენთან კი საზოგადოების აზრი ორად გაიყო - ნაწილი ფიქრობს, რომ მობილური ტელეფონები ბავშვებს ყურადღებას უფანტავს, სწორედ ამიტომ, საერთოდ უნდა აიკრძალოს სკოლებში, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ინფორმაციის მოძიების მხრივ ტელეფონების გამოყენება საკლასო ოთახში ცუდი საერთოდაც არაა.
საინტერესოა ამ მხრივ, რა მდგომარეობაა საქართველოს სკოლებში?
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით etaloni.ge-ს საკუთარი მოსაზრება და გამოცდილება გაუზიარა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლის დირექტორმა კახა გიორხელიძემ. მისი თქმით, მობილურებს, უარყოფითთან ერთად, ბევრი დადებითიც აქვს. მშობლებს შეუძლიათ სკოლაში ბავშვების მდგომარეობა გაიგონ და ამიტომ, აკრძალვას არ ემხრობა, თუმცა საგაკვეთილო პროცესში მისი გამოყენების საჭიროებას ვერ ხედავს.
„ჩვენ საგაკვეთილო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენებას ვკრძალავთ. კლასში გვაქვს სპეციალური ყუთები, სადაც ბავშვების ტელეფონებს გამორთულ მდგომარეობაში დამრიგებლები ათავსებენ. დასვენების დროს კი, თუ სჭირდებათ ბავშვებს მშობლებთან დარეკვა, ამ შემთხვევაში, შეუძლიათ ისარგებლონ. სრულად აკრძალვას სწორად არ მივიჩნევ, რადგან შეიძლება ბავშვი ავად იყოს და მშობელი დაინტერესდებს მისი მდგომარეობით“, - აღნიშნა დირექტორმა.