„არ შემიმჩნევია, მოსწავლეებს არამიზნობრივად გამოეყენებინათ ტელეფონები“ - მაღლაკის სკოლის დირექტორი ლიუდმილა ლექვინაძე
24-10-2024

21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. განურჩევლად ასაკისა, მობილური ტელეფონები ყველა ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიებმა ერთი მხრივ, ცხოვრება გაამარტივა, მათი ხშირი გამოყენება შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მოზარდებისთვის. სწორედ ამიტომ, რამდენიმე ქვეყანა მივიდა დასკვნამდე, რომ ტელეფონები მოსწავლეებისთვის ხელისშემშლელია რის გამოც, სკოლებში გაჯეტების გამოყენება აიკრძალა. ჩვენთან კი საზოგადოების აზრი ორად გაიყო - ნაწილი ფიქრობს, რომ მობილური ტელეფონები ბავშვებს ყურადღებას უფანტავს, სწორედ ამიტომ, საერთოდ უნდა აიკრძალოს სკოლებში, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ინფორმაციის მოძიების მხრივ ტელეფონების გამოყენება საკლასო ოთახში ცუდი საერთოდაც არაა.

საინტერესოა ამ მხრივ, რა მდგომარეობაა საქართველოს სკოლებში?

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით etaloni.ge-ს საკუთარი მოსაზრება და გამოცდილება გაუზიარა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლის დირექტორმა - ლიუდმილა ლექვინაძემ. მისი თქმით, მობილური ტელეფონებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მოსწავლეების ცხოვრებაში. მისი მეშვეობით გაკვეთილზე, საინტერესო ინფორმაციებს იძიებენ, „კოლაჟებს“ აკეთებენ, პრეზენტაციებს აწყობენ და პროდუქტიულად იყენებენ. სწორედ ამიტომ, არ ემხრობა მობილურების ტარებისა და გამოყენების აკრძალვას. 

„მე ჩემს სკოლაში ტელეფონების გამოყენებას არ ვკრძალავ. ჩვენთან მცირერიცხოვანი ჯგუფებია და კარგად ვაკონტროლებთ ვინ რა მიზნით იყენებს მას. ტელეფონებს უამრავი ფუნქცია აქვს. მე-7, მე-8 კლასელები მობილურებს პრეზენტაციის მოსამზადებლად იყენებენ. ისინი უამრავ ინფორმაციას იძიებენ, ფოტოებს იღებენ, ხელოვნების გაკვეთილზე აკეთებენ საინტერესო „კოლაჟს“. მე-9 კლასელებს მე ვასწავლიდი და ვრთავდი მისი გამოყენების უფლებას. ისინი მას ფესვის ამოღების, მრავალნიშნა რიცხვების გამრავლებისთვის კარგად იყენებდნენ.

მოკლედ, მოსწავლეები არ გვიქმნიან პრობლემას, არ შემიმჩნევია, რომ არამიზნობრივად გამოეყენებინათ ტელეფონები. მიხარია, რომ ტექნიკას კარგად ფლობენ. ჩვენ უფროს თაობას გვიჭირს და ის უნარ-ჩვევები ვერ შევიძინეთ, რომელიც თავის დროზე უნდა მიგვეღო. ახალმა თაობამ კი ყველაფერი ამ მხრივ გაცილებით უკეთ იცის“, - აღნიშნავს დირექტორი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203