2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ცნობილია და პირველად დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 370,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც:
საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება დამატებით 200,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მიმდინარე წლის ივლისიდან საჯარო სკოლების მასწავლებელთა გაზრდილი ანაზღაურების სრული წლით დაფინანსება;
გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 560,0 მლნ ლარზე მეტი;
საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 180,0 მლნ ლარზე მეტი;
„გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდა“, - აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.
ეს კი ნიშნავს, რომ 2025 წლის იანვრიდან, ბიუჯეტით, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა გათვალისწინებული არ არის.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ ზაფხულში „მასწავლებელთა ხელფასების უპრეცედენტო ზრდა მოხდა და 500-600 ლარიანი მატება ერთად არ გამოვა“.