ფარცხანაყანევის N1 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა პირველკლასელებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები შექმნეს
25-10-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები შემოქმედებითი ტიპის დავალებებს ხალისითა და ინტერესით ასრულებენ. 

ახლახან, მე-2 კლასში ჩატარდა კომპლექსური დავალების - „საჩუქარი პირველკლასელებისთვის“ პრეზენტაცია (მასწავლებელი იზო ძოწენიძე).

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კომპლექსური დავალების მიზანი იყო მეორე კლასის მოსწავლეებს შეექმნათ ისეთი რესურსები, რომლებიც დაეხმარებოდნენ პირველკლასელებს 20-ის ფარგლებში შეკრებისა და გამოკლების უკეთ გაგებასა და გამოყენებაში, კერძოდ: როგორ დავალაგოთ რიცხვები ზრდისა და კლების მიხედვით; რამდენი ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვია 20-მდე რიცხვებში; რა ხერხები გამოვიყენოთ 20-ის ფარგლებში შეკრება-გამოკლების შესასრულებლად; როგორ ვიპოვოთ შესაკრებში გამოტოვებული რიცხვი და ა.შ.

მოსწავლეებმა რესურსების დასამზადებლად გამოიყენეს ბოთლის თავსახურები, ერთჯერადი თეფშები და ჭიქები, ღილები, სიმინდისა და ლობიოს მარცვლები, საანგარიშოს კოჭები, ფერადი ფურცლები, ნიჟარები და შექმნეს შემდეგი რესურსები: „დანომრილი ჭიქები“, „დაფა - მზე და მთვარე“, ფაზლები, „პლასტელინის კამათელი“, „დაეხამარე ზღარბუნას“, „მწვადების მაღაზია“ და ლოტო.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაშრომები და ისაუბრეს იმის შესახებ, რის შესწავლაში დაეხმარება წარმოდგენილი მათემატიკური რესურსი პირველკლასელებს. ბოლოს მოსწავლეებმა თვითშეფასების დაფაზე განათავსეს მაგნიტები იმ კრიტერიუმების გასწვრივ, რაშიც მიიღეს მონაწილეობა.

მოსწავლეებისთვის დავალება მეტად საინტერესო და თავშესაქცევი აღმოჩნდა, არსებული ცოდნა განიმტკიცეს და ბევრი ახალი შეიმეცნეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203