წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
ამის ნათელი მაგალითია 24 ოქტომბერს სკოლაში ჩატარებული ქართული ენისა და ლიტერატურის საჩვენებელი გაკვეთილი, რომელსაც პედაგოგი მარეხი ნიქაბაძე ხელმძღვანელობდა.
თემატური ერთეულის სახელწოდება იყო „ფესვები“, თემა - მშობლიური სამყარო.
მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაციები, რომლებშიც კარგად ჩანდა მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის - „მიწის ყივილის“ და ქართული მხატვრული ფილმის - „ფესვების“ ურთიერთმიმართება.
მოსწავლეების მიერ, პროდუქტის შექმნის პროცესში, გათვალისწინებული იყო პრეზენტაციის სტრუქტურა, ვიზუალური მხარე, მიმართება ჟანრებს შორის. მათ გამოკვეთეს პერსონაჟთა შინაგანი სამყარო, ფასეულობები, მე-20 საუკუნის საქართველოს რეალიები, გაიხსენეს პატრიოტულ თემაზე შექმნილი ნაწარმოებები, წაიკითხეს სტროფები საყვარელი ლექსებიდან, იმსჯელეს ემიგრაციის თანმდევ პრობლემებზე. ჯგუფებსა და წყვილებში მუშაობის დროს, მოსწავლეებმა გამოიყენეს მრავალფეროვანი რესურსები.
„გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა ემიგრანტობის მწარე ხვედრი ემოციურად, ტკივილით და სამშობლოსადმი დიდი სიყვარულის გამოხატვით წარმოაჩინეს“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა, თემის ინტერესი და აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები: