წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები საინტერესო აქტივობებს ატარებენ.
ამჯერად, 23 ოქტომბერს, სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართეს თემაზე: „ენდემური ჩიყვი“. პროექტის ფასილიტატორები იყვნენ ბიოლოგიის მასწავლებელი ინგა ფხაკაძე და ქიმიის მასწავლებელი ლელა დათიაშვილი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს შესძლებოდათ მსჯელობა ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციაზე, რატომ უწოდეს დაავადებას ენდემური ჩიყვი, რა სიმპტომები ახასიათებს, როგორ იცვლება ფარისებრი ჯირკვლის ზომა და ფუნქცია, ასევე, ესაუბრათ იოდის დეფიციტზე, ენდემური ჩიყვის სახეებზე, დიაგნოსტირების მეთოდებსა და მკურნალობის გზებზე, არგუმენტირებულად ემსჯელათ რა ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწოფომ და ცალკეულმა ინდივიდმა დაავადების პრევენციის მიზნით. მოსწავლეებს ექსპერიმენტულად დაედასტურებინათ იოდის შემცველობა სხვადასხვა წარმოების მარილის ნიმუშებში და გაეცათ რეკომენდაციები იოდიზირებული მარილის შენახვის პირობებთან დაკავშირებით და ასევე შესძლებოდათ კვლევის ჩატარება, საინფორმაციო ხასიათის პოსტერის დამზადება და სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ენდემურ ჩიყვთან დაკავშირებით.
„სწორად დაგეგმილი აქტივობებით, პროექტის მიზნები აისახა შედეგში: მოსწავლეებმა ჩაატარეს მოკვლევა სასკოლო საზოგადოებაში, მოიძიეს ინფორმაცია და გააანალიზეს, შექმნეს ელექტრონული ბუკლეტები, კედლის გაზეთი და ელექტრონული პრეზენტაციები. მათ გამოავლინეს კარგი კვლევითი და პრეზენტაბელური უნარები: სწორად შეარჩიეს რესურსები, ექსპერიმენტებს ასრულებდნენ ინსტრუქციის დაცვით, ჩაწერეს ინტერვიუ სკოლის ექიმთან, საკითხი გადმოსცეს მკაფიოდ, არგუმენტირებულად, საპრეზენტაციო მასალა იყო საინტერესო, სწორად ურთიერთობდნენ აუდიტორიასთან“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროექტი შეაჯამა სკოლის დირექტორმა, მარინე ფხაკაძემ. მან მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის. მოსწავლეთა მონდომება შეაქეს პედაგოგებმა: იზაბელა ნუცუბიძემ და ნანი ქებულაძემ.
იხილეთ ფოტოები: