„ერთად შევძლებთ, ლაითურის საჯარო სკოლა ვაქციოთ ევროპული ღირებულებების მქონე თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულებად, რომელსაც მუდმივად ექნება უკეთესობის პრეტენზია“ - ეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის დირექტორის, ეკატერინე ნინიძის სიტყვებია, ლიდერის, რომელიც დიადი მიზნებით შეუდგა სკოლის მართვას; დღეს მუდმივად მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე მდგომი ეკა მასწავლებლის ისტორიის ახალი თავი იწერება სახელწოდებით - „ევროპული ღირებულებების მქონე თანამედროვე სკოლის შექმნა“.
„თავისუფალ საქართველოს განათლებული მოქალაქეები სჭირდებაო!“, - გვეუბნება და იმავდროულად, არ ივიწყებს, თავადაც „რევოლუციონერი“ მოსწავლე რომ გახლდათ. სწორედ ამ ღირებულებებს შთააგონებდა მისთვის სამაგალითო მასწავლებელი, წელს კი, სადავეები ხელში აიღო და არა მხოლოდ განათლებული თაობების აღზრდაზე ზრუნვას აპირებს, არამედ მიზნად აქცია - კალმახებით სავსე თერგს დაამსგავსოს სკოლა - სწორედ ამ შემართებით, მშობლიურ გურიაში, როგორც საკუთარ თავს უწოდებს - „გურული მორიელი“, სათავეში ჩაუდგა ერთი სოფლის სკოლას და სურს, გურულებისთვის ჩვეული მეამბოხეობითა და დამახასიათებელი იუმორით, ლაითურის საჯარო სკოლის მატიანეს საამაყო ფურცლები შემატოს.
- დავიწყოთ თქვენი ისტორიით... ვინ არის ეკატერინე ნინიძე და რა გზა განვლო სკოლის ხელმძღვანელობამდე?
- ეკა ნინიძე არის გურული მორიელი (ზოდიაქოთი მორიელი ვარ, წარმოშობით გურული)... ჩემი ცხოვრების ნახევარსაუკუნოვანი გზა ოზურგეთში მაქვს გატარებული, თუ არ ჩავთვლით სტუდენტობის წლებს. ბავშვობიდან მასწავლებლობაზე ვოცნებობდი-მეთქი რომ ვთქვა, არ ვიქნები მართალი. ჟურნალისტიკა მიტაცებდა და მიყვარდა წერა, ინტერვიუების აღება, უბანში სპექტაკლების დადგმა... მოკლედ, ვიყავი ჩვეულებრივი ბავშვი - ოცნებებითა და მიზნებით. სკოლის დასრულების მერე სურვილი ავიხდინე, ჟურნალისტიკაში მოვსინჯე ძალები, მერე იყო თბილისის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ომები, მძიმე და მრუმე წლები. მერე დავბრუნდი ოზურგეთში. ოზურგეთიდან დაიწყო ეკა ნინიძის, როგორც მასწავლებლის გზა: ჯერ იყო წმ. ნინოს სახელობის გიმნაზია, მერე მესამე საჯარო სკოლა - ჩემი უდიდესი სიყვარული მათ. 2009 წლიდან 2014 წლამდე ვიყავი პროგრამის - „ასწავლე საქართველოს“, კონსულტანტ - მასწავლებელი. ჯერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლაში, შემდეგ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ პაპოშვილების (გორის) საჯარო სკოლაში. ეს იყო საოცარი წლები, სავსე ახალი გამოწვევებით, პროექტებით, იდეებით. დღესაც დიდი სიყვარულით და სითბოთი ვიხსენებ ამ პერიოდს. ვიმუშავე სკოლამდელი განათლების სექტორშიც, ვიყავი ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო - საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორად. მერე იყო სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლა და ახლა უკვე ლაითური. არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო კვირიკეთის საჯარო სკოლას იმ დამოკიდებულებისთვის და გარემოსთვის, რაც იქ მქონდა ამ წლების განმავლობაში.
- დირექტორობა თქვენთვის ახალი გამოწვევაა... რას ნიშნავს, იყოთ ლიდერი და სათავეში ედგეთ სკოლას?
- ცხოვრებაში არაერთი გადაწყვეტილება მიმიღია სპონტანურად, გარდა სკოლის დირექტორობისა. საკმაოდ დიდი გამოწვევაა დღეს იყო სკოლის დირექტორი და უხელმძღვანელო საჯარო სკოლას. კარგად მაქვს გააზრებული, რომ მერხთან საკუთარი ქვეყნის მომავალი მიზის და პასუხისმგებლობაც საკმაოდ დიდია. იყო ლიდერი ნიშნავს შეძლო ძლიერი გუნდის შექმნა და თითოეულ მათგანს დაეხმარო საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში.
მინდა ვიყო ძლიერი და მოტივირებული ლიდერი, სკოლაში შევქმნა უსაფრთხო და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემო, ლაითურის სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად შევძლოთ თანამედროვე, დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა.
- თქვით, რომ ეს კარგად გააზრებული გადაწყვეტილება იყო.... როცა ამ გზას დაადექით, თქვენს გონებაში არაერთი იდეა გაჩნდებოდა, რომლის სისრულეში მოყვანაც, როგორც სკოლის ხელმძღვანელს გენდომებოდათ - მიზანს მიაღწიეთ, როგორია თქვენი გეგმები?
- რა თქმა უნდა, როცა ახალ ეტაპს იწყებ ახალი იდეები გიჩნდება, გაქვს ახალი მიზნები და ცდილობ, ახალი მწვერვალები დაიპყრო. უპირველესად, მინდა სკოლაში იყოს ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობა, ლაითურის საჯარო სკოლის საზოგადოებასთან ერთად შევძლო ვიზრუნოთ თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებასა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაზე, ამ სკოლას ამ კუთხით დიდი გამოცდილება აქვს და ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ამ გუნდის ხელმძღვანელობა.
- ინტერვიუს დასაწყისში აღნიშნეთ, რომ სკოლამდელი განათლების სექტორშიც მუშაობდით... განათლებაში ეს უმნიშვნელოვანესი რგოლი - როგორ ფიქრობთ, რა დონეზეა სკოლამდელი განათლება ქვეყანაში და რა როლი აქვს მას შემდეგ სასკოლო ცხოვრებაში?
- სკოლამდელი განათლება უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარებაში. სწორედ ამ პერიოდში ეყრება საფუძველი ბავშვის პიროვნულ განვითარებას. ჩემი სკოლამდელი განათლების სექტორში მუშაობა დაემთხვა ძალიან საინტერესო პერიოდს, ამ დროს შეიქმნა სკოლამდელი განათლების სტანდარტი, კანონი სკოლამდელი განათლების შესახებ, ტექნიკური რეგლამენტი და ა.შ. ზუსტად ამ პერიოდში დაიწყო რეფორმა, რომლის საპილოტე პროგრამების დანერგვაც სწორედ ოზურგეთში მოხდა. ასეთი იყო მაგალითად სასკოლო მზაობის პროგრამა. რომელმაც ვთვლი, რომ ძალიან კარგად იმუშავა. ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვი კითხულობს, წერს და სხვა რაღაა საჭირო?! არადა, ბავშვი სკოლისთვის მზად არის თუ იგი კეთილგანწყობილია უფროსების მიმართ; იცავს ელემენტარულ ეტიკეტს (მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, მილოცვა.); შეუძლია საქციელის შეფასება – სწორია, არასწორია; ითხოვს ნებართვას, თუ სხვისი კუთვნილების გამოყენება სურს, შეუძლია გარკვეული დროის განმავლობაში მოისმინოს სხვისი მონათხრობი ან წაკითხული, შემდეგ კი თავად მოჰყვეს მოსმენილი და ა.შ. სასკოლო მზაობის პროგრამის მიხედვით განსაზღვრული აქტივობები სწორედ ამ უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. ამიტომაც, ვთვლი რომ ბავშვმა ეს ეტაპი აუცილებლად უნდა გაიაროს, რათა კარგად მომზადებული შეუდგეს სასწავლო პროცესს უკვე სკოლაში.
- დავუბრუნდეთ სკოლის დირექტორობას... გექნებათ ახალი მიდგომები და სტრატეგიები?
- მე, რიგით ეკა ნინიძეს მუდმივად მაქვს ახლის ძიების სურვილი. ლაითურის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებაც ზუსტად ასეთი დამხვდა. დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრ სასიკეთო წამოწყებას ჩავუყრით საფუძველს.
- გაამართლა სკოლამ და ამ პოზიციამ თქვენი წარმოდგენები, რა რეალობა დაგხვდათ „შიდა სამზარეულოში“?
- ლაითურის სკოლასთან პირველი შეხება არაფორმალურ გარემოში მომიწია, როცა ა/ო „განათლებისა და თანასწორობის ცენტრის“, პროექტების მენეჯერი ვიყავი და ამავე ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ არსებული ახალგაზრდული კლუბის ხელმძღვანელი გახლდით. ჩვენს კლუბში ლაითურის სკოლის რამდენიმე მოსწავლე იყო გაერთიანებული, სწორედ ამ ბავშვებთან ურთიერთობამ გადამაწყვეტინა ჩემი ძალები მომესინჯა სწორედ მათ მშობლიურ სკოლაში. მოლოდინმა კი ნამდვილად გაამართლა. „შიდა სამზარეულოში“ დამხვდა ერთი დიდი გუნდი, ერთ ოჯახად შეკრული, მზად ახალი გამოწვევებისა და ახალი წარმატებისთვის.
- როგორ ფიქრობთ, რა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სკოლის ლიდერი და არის თუ არა საკმარისი იყოს მხოლოდ კარგი მენეჯერი?
- ცნობილი გამოთქმაა: კარგი მენეჯმენტი ხელოვნებაა, რომლის დროსაც პრობლემები საინტერესო ხდება, მათი გადაჭრის გზები კი იმდენად კონსტრუქციული, რომ ყველას უჩნდება მუშაობისა და ამ პრობლემების გადაჭრის გზების ერთად ძებნის სურვილი. მენეჯერს უნდა ჰქონდეს დასახული მიზნების მიღწევის უნარი სხვა ადამიანების შრომის, ინტელექტის, ქცევის მოტივების გამოყენების საფუძველზე - თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, მაშინ გამოდის რომ სკოლის დირექტორისთვის მენეჯერული უნარები და მენეჯმენტის ცოდნა საჭიროა. რაც შეეხება ცვლილებებს განათლების სისტემაში, ეს მუდმივად არის და უნდა იყოს კიდეც. როგორც ლელთ ღუნია იტყოდა „უსრბოლო წყალჩი ბაყაყნი, ჭია-ჭუაი, ქვემძრომი გამრავლდის“... სკოლის დირექტორს უნდა ჰქონდეს სიახლეების მიმღებლობა, რომ კალმახებით სავსე თერგს დაამსგავსოს სკოლა....
- რა იყო პირველი გამოწვევა, რომელსაც სკოლის მართვისას წააწყდით?
- არასაკმარისი თანხები - როცა ვწერთ და გვინდა, რომ თანამედროვე სკოლა იყოს ევროპული სტანდარტების, ამისთვის საჭიროა თანხები. გინდა მრავალფეროვანი აქტივობები დაგეგმო და ამისთვის მუდმივად გიწევს „ქამრების შემოჭერა“... თუმცა საინტერესო პროცესია, მუდმივად ეძებ გზას, რომ მიზანს მიაღწიო, ეს კი წარმატებისკენ მუდმივი სვლაა.
- სოფლის სკოლას ხელმძღვანელობთ - ეს განსხვავებული გამოწვევების წინაშე გაყენებთ? მუდმივად მიდის განხილვა, რომ რეგიონებში სკოლებს არ აქვთ იმდენი რესურსი, რამდენიც ქალაქის სკოლებს, არათანაბარ პირობებს არა მხოლოდ მატერიალური რესურსი განაპირობებს, ხშირად სწავლების ხარისხზეც კეთდება აქცენტი...
- მე არაერთხელ მითქვამს, მე ვარ სოფლის სკოლის მასწავლებელი და ეს ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოცაა და საპასუხისმგებლოც. მოგეხსენებათ სკოლის ფინანსური რესურსი სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული, ამ მხრივ კი ნამდვილად დასაფიქრებელი მდგომარეობა გვაქვს. შიდა მიგრაცია საერთოდ ქვეყნის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი პრობლემაა. სოფლიდან წასული მოსახლეობა ქალაქებში იყრის თავს, შესაბამისად ქალაქის სოფლებს მოსწავლეთა რაოდენობა მეტი ჰყავთ და შესაძლებლობაც მეტია. ჩემი საყვარელი გამოთქმაა: „რაც გაქვს იმას თუ გამოიყენებ, რაც არ გაქვს არასდროს არ დაგჭირდება“.
- როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს სკოლის ხელმძღვანელს სასკოლო განათლებაში და როგორი იქნება თქვენი ისტორია ამ ამპლუაში?
- სკოლის დირექტორი არის ლიდერი. ლიდერი კი ცენტრალური ფიგურაა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი გუნდის ლიდერი ვარ, ერთად შევძლებთ ლაითურის საჯარო სკოლა გავხადოთ ევროპული ღირებულებების მქონე თანამედროვე სკოლა, რომელსაც მუდმივად ექნება უკეთესობის პრეტენზია.
- ფიქრობთ, რომ ეს ის სფეროა, სადაც თავს მთელი ცხოვრების მანძილზე წარმოიდგენთ?
- ვყოფილვარ ჟურნალისტი, მიმუშავია პიარად, ვარ ტრენერიც, ვარ და ვიქნები მასწავლებელი, მომწონს ჩემი ახალი ამპლუა და ალბათ დავრჩები ამ პოზიციაზე მანამ სანამ შემეძლება მუდმივად ვცვალო არსებული რეალობა უკეთესით.
- ერთ დღეს მინისტრი, რომ გახდეთ, რა იქნებოდა ის რეფორმა, რომელსაც აუცილებლად გაატარებდით?
- გამეცინა, რადგან არაერთხელ მიხუმრია: მე, რომ განათლების მინისტრი ვიყო... ახლა კი დავფიქრდი, ნეტა მართლა რას ვიზამდი პირველად? ყველა გზას და ხერხს გამოვნახავდი, რომ მეტი ახალგაზრდა შემომეყვანა ამ პროფესიაში, დღეს ჩვენს სკოლებს სჭირდება მეტი ახალგაზრდის ჩართულობა სასკოლო პროცესში, რაშიც ვგულისხმობ მეტ ახალგაზრდა მასწავლებელს საგაკვეთილო სივრცეში.
- რა იქნება თქვენი, როგორც დირექტორის პროგრამა მაქსიმუმი, რის შემდეგაც იტყვით, რომ ამ პოზიციაზე საკუთარი თავი ამოწურეთ? ან სულაც, შესაძლებელია ამ სფეროში, იმ ყველასთვის ნაცნობ და სანატრელ ტკბილ კენწერომდე მიღწევა?
- პროგრამა მაქსიმუმი ჰორიზონტივითაა, უახლოვდები და გშორდება... ერთი კი ვიცი, ლაითურის საჯარო სკოლა, ლაითურის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების ერთიანობით მიაღწევს იმ დასახულ მიზნებს, რასაც ევროპული და დემოკრატიული საქართველო ჰქვია.
- და ბოლოს, დავბრუნდეთ ბავშვობაში, გაიხსენეთ ეკატერინე ნინიძე მოსწავლეობის დროს... ახლა უკვე სკოლის დირექტორი რა სურვილს აუსრულებდით მას?
- ნახევარი საუკუნის გადმოსახედიდან მადლიერი ვარ ყველა ეტაპისა, რომელიც გამივლია აქამდე. არ შეიძლება არ აღვნიშნო ჩემი ქ. ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლა, რომელმაც მომცა საშუალება ვყოფილიყავი მიზანდასახული, პასუხისმგებლობიანი, წარმატებაზე ორიენტირებული პიროვნება. ვერ დავასრულებ საუბარს ჩემი სკოლის დირექტორი ლიანა იმედაშვილი თუ არ გავიხსენე. მახსოვს, მისი გვერდში დგომა ჩვენგან წამოსული ინიციატივებისას, მისი გამხნევება და წახალისება სხვადასხვა გამოწვევების დროს. მინდა, ზუსტად ისე გამიხსენოს ჩვენმა მოსწავლეებმა, როგორც მე მახსენდება ახლა მისი შენიშვნაცა და წახალისება...
როგორი მოსწავლე ვიყავი? ცოტა რევოლუციონერი, პერიოდიც ისეთი იყო, ეროვნული მოძრაობის. მახსოვს, კომკავშირის მანდატები საჯაროდ დავაწყვეთ, 9 აპრილი ახალმომხდარი იყო და საშინელი პროტესტი გვქონდა, გაკვეთილებზე შესვლა არ გვინდოდა. კაბინეტში შემიყვანა და მითხრა: თუ დამოუკიდებელი საქართველო გინდა, დამოუკიდებელ საქართველოს განათლებული მოქალაქეები სჭირდებაო, არა მგონია უწიგნურმა თაობამ თავისუფალი საქართველო შექმნასო. ალბათ, იმავეს ვეტყვი ჩემს მოსწავლეებს: თავისუფალ საქართველოს განათლებული მოქალაქეები სჭირდება!