ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
პედაგოგმა - ლანა გოგოძემ მათთვის საკლასო ოთახი ლამაზად მორთო, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ასევე სკოლაში ღონისძიება გაიმართა. ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
„ჩვენს ყველაზე პატარა ციმციმა ვარსკვლავებს, ქართული ანბანი „ტკბილეულის ქვეყნიდან“ ესტუმრათ!
პატარები, „ტკბილეულის ქვეყნიდან“ მოყვანილ ანბანის სამყაროში ლანა მასწავლებელმა ამოგზაურა“, - გვიყვებიან სკოლაში.
გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, რომლებშიც პირველკლასელები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად აქტივობებში მშობლებიც იყვნენ ჩართულნი.
„გული გაგვითბო ტკბილხმიანი ჩიტების, მოყოლილმა ლექსებმა და მშობელთა საინტერესო ჩართულობამ.
ფერადი, საინტერესო და საოცარი დღე გამოვიდა. ჩვენც დავტკბით, ვიხალისეთ, ვისიამოვნეთ და კიდევ ერთხელ დავულოცეთ ჩვენს პატარებს გზა, ქართულ ანბანეთში სამოგზაუროდ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღნიშნული დღისთვის სასკოლო საზოგადოება პედაგოგ ლანა გოგოძეს მადლობას უხდის.
„მადლობა ლანა გოგოძეს ამ ორიგინალური იდეისთვის და დაუვიწყარი დღისთვის.
მჯერა, რომ ამ პატარა მერცხლების ცხოვრებაში „ანბანის შემობრძანების“ პირველი დღე, უდიდესი წარმატებების საწინდარი გახდება.
მეამაყებით ლანა გოგოძე და მჯერა უამრავი საინტერესო დღით აავსებთ ამ ბავშვების სასკოლო ცხოვრებას“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: