დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეების ცხოვრების ჯანსაღი წესითა და სპორტით დაინტერესებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ განხორციელდა, რომლის ორგანიზატორებიც ქეთევან ნადირაშვილი და თამილა ნადირაშვილი იყვნენ. პროექტში სკოლის დირექცია და სასკოლო საზოგადოებაც აქტიურად ჩაერთო.
პროექტის ფარგლებში, სკოლაში, 60 კგ წონით კატეგორიაში, ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონს - გიორგი სარდალაშვილს უმასპინძლეს. მოსწავლეები დიდი სიხარულითა და აღფრთოვანებით შეხვდნენ ჩემპიონს და მისგან საინტერესო რჩევები სიამოვნებით მოისმინეს.
გარდა ამისა, ჭიდაობაში გამართულ შეჯიბრზე მოპოვებული გამარჯვება მოსწავლე ნიკოლოზ მუშტარაულს მისი კლასის დამრიგებელმა - ლალი მეხრიშვილმა და სრულიად სასკოლო საზოგადოებამ მიულოცა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერება და არაფორმალური განათლების გზით, მათი ცნობიერების ამაღლება იყო.
სკოლის დირექტორმა - ეკატერინე ჩიტაურმა გიორგი სარდალაშვილსა და ნიკოლოზ მუშტარაულს სამახსოვროდ მადლობის სიგელები გადასცა.
„ეს განსაკუთრებული ღონისძიება წარუშლელ შთაბეჭდილებად დარჩა სამთაწყაროს საჯარო სკოლის საზოგადოებაში და კიდევ უფრო გააღვივა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი სიყვარული.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს და უსურვებს კიდევ მრავალი აქტივობის განხორციელებას. ასევე, მადლობას უხდის გიორგის, სტუმრობისა და მოსწავლეთათვის დაუვიწყარი დღის ჩუქებისათვის და წარმატებას უსურვებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: