„სახელმწიფო ენა განვითარებისათვის“ - კალინინოს საჯარო სკოლამ, დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სასკოლო ინვენტარი შეიძინა
29-10-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. სკოლა სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვება, სადაც წარმატებას აღწევს.

მათ შორის იყო სკოლის პროექტი „სახელმწიფო ენა განვითარებისათვის“, რომელიც სკოლა-ბიზნეს ფორუმზე წარადგინეს. აღნიშნული პროექტი ივლისში „თბილისი ჰილს გოლფმა“ დააფინანსა.

როგორც სკოლაში გივყვებიან, პროექტის მიზანი გახლდათ ქართული ენის კაბინეტის (სკოლა აზერბაიჯანულ სექტორიანია) გამოყენებით სასკოლო საზოგადეობისა და თემისთვის სასარგებლო ინფორმაციების მოძიება-დამუშავება-გაზიარება.

ბიზნესის ჩარიცხული 1500 ლარით სკოლამ შეიძინა პროექტორი და პროექტორის დაფა. მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით დაასუფთავეს და შეღებეს ქართული ენის კაბინეტი. მათ ასევე, სასწავლო წლის დაწყებისთანავე დაიწყეს თემების შერჩევა.

მე-12 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს ქუჩის ბავშვების თემაზე პრეზენტაცია „ბავშვები ქუჩაში“ თუ როგორ ხვდებიან ბავშვები ქუჩაში, რა აიძულებთ ამის გაკეთებას, რა ტიპის კვლევები ჩატარდა, როგორია სტატისტიკა, პრევენციის რა ზომებს იღებს სახელმწიფო და რა როლი აქვს საზოგადოებას ამ პროცესებში.

მათ ნამუშევარი გააცნეს IX-XI კლასების მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და მათთან ერთად იმსჯელეს საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებაზე ამ თემასთან დაკავშირებით.

„მოსწავლეები აგრძელებენ მომდევნო თემებზე მუშაობას, რომელსაც მალე გაუზიარებენ თანატოლებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203