უნდა დაბრუნდეს თუ არა საატესტატო გამოცდები? - კითხვას სკოლის დირექტორები პასუხობენ
30-10-2024

უნდა დაბრუნდეს თუ არა საატესტატო გამოცდები სკოლაში? - კითხვა, რომელიც წლებია აქტუალობას არ კარგავს და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა, რა დადებითი ან  პირიქით, უარყოფითი მხარეები ჰქონდა ამ გამოცდებს. დღეს აღნიშნულ საკითხზე Etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორები საუბრობენ.

ქეთევან გვარჯალაძე-გორგოშაძე, ბათუმის N8 საჯარო სკოლის დირექტორი:

ქიმიის მასწავლებელი ვარ და პირდაპირ კავშირში იყო საატესტატო გამოცდების დადებითი მხარეები ჩემს საგანთან. მოგეხსენებათ, რომ ქიმიას ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტთა ძალიან მცირე რაოდენობა აბარებს და არა მხოლოდ ქიმიას, ბიოლოგიასაც, ფიზიკასაც... შესაბამისად, მოსწავლეები საერთოდ აღარ აქცევენ ამ საგნებს ყურადღებას და ორიენტირებულნი არიან მათ მიერ შერჩეულ საგნებზე, რომლებიც მისაღებ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ, თუმცა ეს ბავშვებიც ამთავრებენ სკოლას და ყველა საგნის საშუალო დონეს მაინც უნდა ფლობდნენ, რეალურად კი, საშუალო დონე თითქმის არ ფიქსირდება. როცა მოიხსნა ეს გამოცდა მიზეზი, თითქოს ის იყო, რომ ახალგაზრდები ისტრესებიან, ალბათ არის კიდეც სტრესული ეს მოსწავლეებისთვის, თუმცა ამ გამოცდებს 17-18 წლის ახალგაზრდები აბარებდნენ, რომლებიც ნელ-ნელა სტრესთან გამკლავებასაც უნდა სწავლობდნენ…

მანანა ცინცაძე, ქედის მუნიციპალიტეტის ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ყველა საგანში მინიმალური ცოდნა მაინც უნდა ჰქონდეთ მოსწავლეებს. ახლა ტენდენცია წამოვიდა, მოსწავლეები ამბობენ: რაში მჭირდება ყველა საგანი? - ცხადია, არავინ სთხოვს მათ სიღრმისეულ ცოდნას, თუმცა საფუძველი და ელემენტარული საკითხები მოსწავლემ ყველა საგანში უნდა იცოდეს, სწორედ ამის გარანტი მგონია საატესტატო გამოცდები. გარდა ამისა, ალბათ, მასწავლებლების შემოწმებისთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტორია - რა შედეგზე გადიან მათი მოსწავლეები.

სოფიო ქუთათელაძე, ქუთაისის N9 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, დამამთავრებელ კლასში გამოცდები უნდა დაბრუნდეს - მოსწავლეებს სწავლის მოტივაცია ექნებათ; ვაღიაროთ, თუ ეცოდინებათ, რომ ატესტატის ასაღებად გამოცდების ჩაბარება მოუწევთ, უკეთ ისწავლიან. 

ომარ ბერიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის დერცელის საჯარო სკოლის დირექტორი:

საატესტატო გამოცდების დაბრუნებას ვემხრობი, ამით სწავლის ხარისხიც გაიზრდება და რეპეტიტორის ინსტიტუტიც გაუქმდება. ახლა ბავშვები მხოლოდ მისაღები გამოცდებისთვის ემზადებიან, სკოლაში არაფერს აკეთებენ და ფიქრობენ, დამატებით მასწავლებელთან მომზადებით ყველაფერს მიაღწევენ. 

ანა ლათიბაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოზაანის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ვფიქრობ, რომ უნდა დაბრუნდეს, ეს ვალდებულს გახდის მოსწავლეებს ყველა საგანს დაუთმონ დრო და რეალურად მიიღონ ზოგადი განათლება. ყველა საგანი, რაც სკოლაში ისწავლება აუცილებელია მოსწავლეებისთვის. სანამ მოიხსნებოდა ეს გამოცდები მოსწავლეებში შეიმჩბნეოდა მეტი მოტივაცია, სწავლობდნენ, რომ ეს გამოცდები წარმატებით ჩაებარებინათ.

ნანული მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის უწერის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვთვლი, რომ ძალიან კარგი იქნება სკოლებში საატესტატო გამოცდების დაბრუნება, ამ გამოცდების მოხსნამ მოსწავლეთა მოტივაციაზე უარყოფითად იმოქმედა. მართალია, ადრე შედეგისთვის, ამ გამოცდების ჩაბარებისთვის მეცადინეობდნენ ბავშვები, თუმცა ცოდნა ხომ მაინც რჩებოდათ. ვფიქრობ, ტესტირების დაბრუნებით, მეტად კონცენტრირდებიან სწავლაზე და მეცადინეობასაც მეტ დროს დაუთმობენ. 

ვაჟა ქათამაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზენითის საჯარო სკოლის დირექტორი:   

აუცილებლად უნდა დაბრუნდეს გამოცდები - ეს მოსწავლეების მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამოცდების ჩაბარების მიზნით, მაინც მეტად ინდომებენ სწავლას, რადგან იაზრებენ, რომ ამ ტესტირებით უნდა დაიმსახურონ ატესტატი.  

ხატია ოჩიგავა, ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვისურვებდი, რომ დაბრუნდეს დამამთავრებელი კლასის გამოცდები. ვერ ვიტყოდი, ამ გამოცდების მოხსნამ მოსწავლეებზე უარყოფითი გავლენა იქონია-მეთქი, თუმცა თუ დაბრუნდება ეს მათთვის დამატებითი პასუხისმგებლობა იქნება და მიეცემათ უკეთ სწავლის სტიმული.

ლალი კაპანაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის დირექტორი:

ამ გამოცდების მოხსნამ განაპირობა ის, რომ მოსწავლეები ყველა საგანს აღარ სწავლობენ… ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ დაბრუნდეს, როგორც სწავლის ხარისხის, ასევე მოსწავლეთა მოტივაციის ზრდისთვის.

ლია ხაჩიძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კართუბნის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ვფიქრობ, საატესტატო გამოცდების დაბრუნებას ორი მხარე აქვს, როცა მოიხსნა, მიზანი მოსწავლეებისთვის სტრესის არიდება იყო, თუმცა ამ გამოცდების წყალობით მოსწავლეები STEM მიმართულების საგნებს მეტად მიაქცევენ ყურადღებას… საბოლოოდ, მაინც მგონია, რომ უკეთესი იქნება თუ დაბრუნდება

ლამარა ტაბატაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

არ იქნება ცუდი, ზოგი ამბობს, რომ მაინც არაფერი რჩება მოსწავლეებს სკოლიდან, მაგრამ ვფიქრობ, მოსწავლეებს უვარჯიშდებათ გონება, შესაძლოა ეს ცოდნა, რასაც გამოცდების ჩასაბარებლად იღებენ, დაავიწყდეთ, მაგრამ მათ ექნებათ უნარი ახლის სწრაფად შესწავლისა და სხვადასხვა კრიტიკულ სიტუაციებში გამოსავლის ძიებისა, რადგან გონება გავარჯიშებული ექნებათ.

ხათუნა ნადარეიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოს საჯარო სკოლის დირექტორი: 

ვფიქრობ, მნიშვნელობა არ აქვს, დაბრუნდება თუ არა საატესტატო გამოცდები. თუ მოსწავლეს სწავლა უნდა, ისეც ისწავლის და რადგან 12 წელი სკოლაში დადიოდა, თუ არ სწავლობდა, ისმენდა მაინც - იმსახურებს ატესტატს.

მზია კაპანაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის დირექტორი:

კარგი იქნება საატესტატო გამოცდების დაბრუნება, პირველ რიგში იმიტომ, რომ გაუმჯობესდება მოსწავლეთა შედეგები მისაღებ გამოცდებზე. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203