მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული ეშტიის N1 საჯარო სკოლაში  
31-10-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აფასებენ პედაგოგების შრომასა და ღვაწლს. 

შესაბამისად, მასწავლებლის საერთაშორისო და ეროვნული დღეები, სკოლაში ერთად, დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა და კვირეულიც მიეძღვნა. 

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა მრავალფეროვანი აქტივობები:

პირველ დღეს გაიმართა აქტივობა - „მოსწავლეები ერთი დღე მასწავლებლის როლში“ მე-2 დღეს კი  მოეწყო დისკუსია - „მასწავლებლის პროფესიაზე“, მე-3 დღეს ნახატების გამოფენა - „დახატული მასწავლებელი“ ჩატარდა. მე-4 დღეს მოსწავლეებმა იმუშავეს ესესა და ვიდეორგოლის შექმნაზე, რომლის თემა იყო - „ღვაწლმოსილი პედაგოგები“; მე-5 დღეს კი გაიმართა დიდი სასკოლო ზეიმი, რომელშიც ყველა კლასი ჩაერთო.

ზეიმზე სკოლის დირექტორმა მერნიკ ჰოვსეფიანმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და ემოციური სიტყვით მიმართა: „ყველა მასწავლებელს ვულოცავთ პროფესიულ დღესასწაულს, გეზეიმოთ და გეხაროთ თქვენი აღზრდილების წარმატებებითა და  გამარაჯვებით“. 

ღონისძიება მეტად დასამახსოვრებელი გახადა მოსწავლეების მხატვრულად წაკითხულმა ლექსებმა, მათ მიერ შესრულებულმა შთამბეჭდავმა მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ნომრებმა, ასევე სახალისო თამაშებმა, რომელშიც სასკოლო საზოგადოება დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდა. 

„მასწავლებლობა არის ერთადერთი პროფესია, რომელიც ქმნის ყველა სხვა პროფესიას. მასწავლებელი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების მეგზურია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ცხოვრების გზის დასაწყისში პირველი ნაბიჯების გადადგომაში გვეხმარებიან, ფეხზე მყარად დგომას გვასწავლიან, ცოდნას გვაზიარებენ და მერე მთელი სიცოცხლე მიგვყება მათდამი განსაკუთრებული პატივისცემა იმ დიდი ღვაწლისთვის, რომელზეც არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალია დამოკიდებული“, - ამ სიტყვებით, სასკოლო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამოხატა დიდი პატივისცემა მასწავლებლების მიმართ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203