ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითა და ინიციატივებითაა გაჯერებული.
ახლახან, სკოლაში მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას სამოქალაქო განათლებისა და ქართული ენის მასწავლებელი ლუსია კურგინიანი ხელმძღვანელობდა.
მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა Microsoft PowerPoint-ის გამოყენებით პრეზენტაცია მოამზადეს, ხოლო მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატები, რომლებითაც შექმნეს კედელი - „იყავი მედიაწიგნიერი“.
მოსწავლეებმა განმარტეს რა არის მედია, მედიაწიგნიერება და ერთმანეთს ინტერნეტსივრცეში მოქცევის წესები გაუზიარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა სასკოლო საზოგადოების და თემის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მშობლები.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის წარდგენისას, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია, ინტერნეტქცევისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების წესების შესახებ, მათ შორის, რა რისკები არსებობს ინტერნეტის არასწორად გამოყენებისას, როგორ განვასხვავოთ ცრუ ინფორმაცია, თავი ავარიდოთ დეზინფორმაციის გავრცელებას.
იხილეთ ფოტოები: