ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში წახალისებულია მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში. მოწაფეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში დიდი შემართებით მონაწილეობენ.
31 ოქტომბერს, შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო კონკურსი გაიმართა.
სკოლაში ახარებთ, რომ როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც მოსწავლეები ხალისით ჩაებნენ კონკურსში.
„გვყავს სამივე ასაკობრივ კატეგორიაში გუნდები, მე-3-მე-5 კლასები წელს პირველად ჩაერთნენ და თავიანთ გუნდს „არწივები“ დაარქვეს, მე-7-მე-8 კლასების გუნდი „5 ჯი“ სახელით იყო წარმოდგენილი. ხოლო მე-9-მე-10 კლასელებმა თავიანთ გუნდს - „მოაზროვნეები“ უწოდეს.
იმის გამო, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია გუნდებს კონკურენტები არ ჰყავდათ. სამივე გუნდმა საკმაოდ მაღალი ქულები მოაგროვა, თუმცა განსაკუთრებით თავი ისახელეს მე-7-მე-8 კლასის მოსწავლეებმა და მათ 90 მაქსიმალური ქულიდან 85-ის შეგროვება შეძლეს“,- გვიყვებიან სკოლაში, ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და დასძენენ, რომ მოსწავლეები უკვე ელოდებიან საქალაქო კონკურსს.
იხილეთ ფოტოები: