გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - თამარ მჭედლიძემ მე-6 კლასის მოსწავლეები სოფელ ზემო ნიქოზში, თავისი მშობლების ოჯახში წაიყვანა. აღსანიშნავია, რომ ისინი 2008 წლის ომის შედეგად დაზარალდნენ.
მოსწავლეებმა ადგილზე ტკბილეული მიიტანეს და შემოდგომა ყველას მიულოცეს. როგორც თავად მასწავლებელი აღნიშნავს, ამ საშემოდგომო აქტივობის მიზანი მოსწავლეთა მეტად დაახლოება და კონფლიქტის ნაკვალევზე, მშვიდობის მნიშვნელობის გააზრება გახლდათ.
„ომის შედეგად, ორსართულიანი სახლი დაგვეწვა და მას შემდეგ, წლების განმავლობაში, დიდ ოჯახს პატარა კოტეჯში უწევდა ცხოვრება. წელს შეძლეს და ააშენეს სახლი, სულ ახლახანს გადახურეს სახურავი. დედაჩემი დიდი სიხარულით დაგვხვდა და გაგვიმასპინძლდა. ბავშვებმა მიიტანეს ტკბილეული და მივულოცეთ შემოდგომა. დავავლეთ ჩურჩხელები და ვუსურვეთ ბედნიერი ცხოვრება ახალ კერაზე. ბავშვებმა დიდი ბედნიერება და ჟრიამული შეიტანეს სახლში. შემოდგომის დღევანდელი დღე დაუვიწყარი იყო ჩვენთვის. გაიზრდებიან და არასოდეს დაავიწყდებათ ეს დღე. „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“,- აღნიშნავს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: