კერძო სკოლა „ანაბასისში“ ახალი თაობის წარმატებულ მომავალს საფუძველი პირველი კლასიდანვე ეყრება.
სწორედ ამის დადასტურებაა ის, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე, დადებით განწყობასა და ცოდნის გაღრმავებაზე პროფესიონალთა გუნდი აქტიურად ზრუნავს.
ამჯერად, პირველია კლასის მოსწავლეებმა „ანბანეთში“ შეაბიჯეს და საზეიმო გაკვეთილზე თავიანთი პირველი ხელნაწერი შექმნეს. ცოდნის ბილიკებზე მათ, მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით, პედაგოგი თამარ ვეფხვაძე შეუძღვათ.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა წინარე ცოდნა წარმოაჩინეს. ისინი ლექსებითა და სიმღერებით მოეფერნენ სამშობლოსა და დედაენას. გარდა ამისა, იაკობ გოგებაშივილის შესახებ ცნობები გაიხსენეს, შეიტყვეს როგორ „იპოვა“ დიდმა იაკობმა ანბანის შესწავლის „გასაღები“, რომელი გასაღებიც მათ ხელში აღმოჩნდა და „ანბანეთშიც“ შეაბიჯეს.
„დაიწყო მათთვის ახალი სამყაროს აღმოჩენის პროცესი. ეს არის პირველი ნაბიჯი წიგნების სამყაროში, რაც მათი თვითგამოხატვისა და კითხვის უნარების განვითარებაში დაეხმარება. „ი“ და „ა“ ასო-ბგერების გაცნობით მასწავლებელმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თითოეული ასო არამხოლოდ სიმბოლური, არამედ მნიშვნელოვანი ბგერითი სიგნალი გახდება, რომელიც ტექსტის აღქმაში დაეხმარებათ. ცოდნის მატარებელი უკვე დაძრულია პირველია კლასის მოსწავლეებისათვის. მასწავლებლები თამარ ვეფხვაძე და მეგი დეკანოიძე მათ დანიშნულების ადგილამდე მშვიდობიანად, წარმატებით მიაცილებენ.
გისურვებთ, რომ ყოველმა ახალმა ასო-ბგერამ ახალი საიდუმლო კარი გაგიღოთ, ახალი ცოდნა მოგიტანოთ და გაგიძლიეროთ სურვილი - გახდეთ ჩვენი ქვეყნის განათლებული მოქალაქეები“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: