ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში წარმატებით ერთვებიან.
ამჯერად, კუჭატნის სკოლის მოსწავლეები პროექტის - „მე და ლიტერატურა“ ფარგლებში თბილისს ესტუმრნენ.
„დღე უბედნიერესი, ნაყოფიერი და დაუვიწყარი, დღე მეგობრობისა და სიყვარულისა, ახალი მიზნებისა და იდეებისა. დღე, რომელიც კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს არასდროს დაავიწყდებათ“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტი „მე და ლიტერატურა“, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო შეხვედრა განხორციელდა ონლაინ, ამჯერად სხვადასხვა კუთხის მოსწავლე-მასწავლებლების შეხვედრა პირისპირ შედგა.
ბავშვები ერთად ესტუმრნენ ლიტერატურის ინსტიტუტს, მოინახულეს მთაწმინდისა და დიდუბის პანთეონები, შეხვდნენ და გაესაუბრნენ განათლების ექსპერტს - როლანდ ხოჯანაშვილსა და მის წარმატებულ მოსწავლეს - მარიამ ჩაჩანიძეს. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ბავშვები დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ უკან.
სკოლაში პროექტში ჩართულ მონაწილეებს, მოსწავლე-მასწავლებლებს მადლობას უხდიან.
„მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, ყველა ჩართულ მოსწავლე-მასწავლებელს, კუჭატნის საჯარო სკოლის დირექტორს - ნინო მელქოშვილსა და მშობლებს, ასევე განსაკუთრებული მადლობა სპმთპ ყვარლის რაციონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელს - ლევან ბალიაურსა და მის მოადგილეს ელიზა ფილიშვილს გვერდით დგომისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: