თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია გადაწყდა, ამჟამად გამოცხადებულია ტენდერი.
სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული „800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის“, ფარგლებში დაიგეგმა.
აღსანიშნავია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში საგანმანათლებლო კერა - პირველდაწყებითი სკოლა 1886 წელს დაფუძნდა, მას შემდეგ კი, ამ კედლებში უწყვეტად იღებენ განათლებას ამ სოფლის და კიდევ ორი მეზობელი სოფლის: ლალისყურისა და ლეჩურის მოსწავლები.
შენობა, რომელშიც სასწავლო პროცესი წლევანდელ წლამდე მიმდინარეობდა, აშენდა გასული საუკუნის 70-71წწ. ექსპლოატაციაში შევიდა 1972 წელს. მას მერე ნახევარ საუკუნეზე მეტმა დრომ გაიარა.
„გასული საუკუნის 40-70 წლებში სოფლის საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა ეს შენობა, აქ უამრავმა ფშავლელმა, ლალისყურელმა, ლეჩურელმა და თქვენ წარმოიდგინეთ ქვემო ალვნელმა და ნაფარეულელმა მიიღო განათლება. ფშაველში სკოლა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და დგას, ყველა დროში გამორჩეული პროფესიონალი პედაგოგებით საამაყო“, - აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ, რომ მალე შენობა თანამედროვე სტანდარტებს მოერგება.
იხილეთ ფოტოები: