ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, ადგილობრივ სააღმზრდელო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებასაც.
ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულია 996 თანამშრომელი, მათ შორის 165 აღმზრდელი, შემცვლელ მასწავლებელი 274. „ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამის (მეთოდოლოგიის) დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება. ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება“, - აღნიშნულია დოკუმენტში, სადაც ასევე საუბარია იმაზე, რომ „ბაღებში შესწავლილი იქნა სწავლების ხარისხი და დადგინდა რომ სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელები (განხილული ასაკობრივ ჭრილში) ვერ აკმაყოფილებენ დადგენილ სტანდარტს, რაც ძირითადად აღმზრდელების დაბალი კვალიფიკაციით არის გამოწვეული. სწავლების ხარისხის გაზრდა და აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლება მოხდება სკოლამდელი აღზრდის განვითარების პროგრამით. პროგრამა მოიცავს: არსებული მდგომარეობის შესწავლას და გაანალიზებას; საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის მაღალი სტანდარტის ტრენინგ-კურსების მომსახურების შესყიდვას და სხვა ღონისძიებებს“.