ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგების შრომა და ღვაწლი დაფასებულია. შესაბამისად, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს - იმღერეს, იცეკვეს, და საყვარელ მასწავლებლებს ასე მიულოცეს პროფესიული დღე.
„მოსწავლეები დიდი სითბოთი და პატივისცემით მიეფერენ მასწავლებლებს, წაიკითხეს ლექსები, უმღერეს მასწავლებელზე შექმნილი სიმღერები, სკოლის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა კი ქართული ცეკვებით გაალამაზა ღონისძიება“, - გვიყვებიან სკოლაში.
ბავშვებმა ასევე, გაიხსენეს სკოლის გარდაცვლილი მასწავლებლები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას, განსაკუთრებული სიყვარულით აღნიშნეს სკოლის ამაგდარი პედაგოგების ღვაწლი და მათი მიღწევები.
სკოლის დირექტორმა - გიული დავითაძემ მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცა და ყველა მასწავლებელს ყვავილის თაიგულები გადასცა. ასევე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა პედაგოგისთვის საჩუქრად უფასო ექსკურსია დაგეგმა.
„ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები ასპარეზობენ სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებზე, კონკურსებში თუ ეროვნულ გამოცდებზე, სადაც მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ, უპირველესად ჩვენი სკოლის პედაგოგების დამსახურებაა. მადლობა თქვენ ამ შრომისათვის“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა გიული დავითაძემ და თანამშრომლებს თანადგომა აღუთქვა მომავალშიც.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, როგორც გვიყვებიან, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს სკოლის ყოფილ დირექტორს - ტარიელ ქათამაძეს.
„ის 2006 წლიდან 2024 წლის ივნისამდე ხელმძღვანელობდა სკოლას და ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა“, - ამბობენ სკოლაში.
სკოლის დირექტორის მოადგილეებმა: ციური დიასამიძემ და დიანა თედორაშვილმა სკოლის პედაგოგების სახელით საპატიო დიპლომი გადასცეს ტარიელ ქათამაძეს.
„მისი ხელმძღვანელობით სკოლაში ძირეული ცვლილებები განხორციელდა და რეფორმის კვალდაკვალ მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდნენ, რაც დაუვიწყარი იქნება სკოლის ისტორიისთვის“, - აღნიშნეს სკოლის დირექტორის მოადგილეებმა.
ტარიელ ქათამაძემ კი მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ერთად გატარებული წლებისთვის და კვლავ წარმატებები უსურვა პედაგოგიურ სარბილზე.
აღსანიშნავია, რომ მის შემდგომ, დღეს სკოლას წარმატებით ხელმძღვანელობს გიული დავითაძე, რომელიც არაერთი წარმატებული პროექტისა თუ აქტივობის ფუძემდებელია.
ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.
სკოლაში, ემოციებით დატვირთული ღონისძიების ხელმძღვანელს - ნაილე სურმანიძეს და სკოლის ანსამბლის მასწავლებლებს დღის გალამაზებისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: