ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.
ამჯერად, სკოლის 1-ელ ბ კლასში, ტრადიციული ზარ-ზეიმით „შებრძანდა ანბანი“. მასწავლებელმა, მარიამ მოდებაძემ ეს დღე ბავშვებს ნამდვილ დღესასწაულად უქცია.
„მარიამმა და მისმა მოსწავლეებმა საინტერესოდ განვლეს წინასაანბანო პერიოდი და გულმოდგინედ მოემზადნენ ანბანის შესახვედრად“, - გვიყვებიან სკოლაში.
ბავშვებმა თავიანთი ცოდნა წარმოაჩინეს და პატარა ვიდეორგოლიც გადაიღეს.
ანბანის შემობრძანების დღე მათთვის განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო. თავიანთი ახლადშეძენილი ცოდნა დიდი ემოციებით გამოხატეს, ყურადღებითა და ხალისით ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში.
პირველკლასელებმა საინტერესო და შემოქმედებითი თამაშის - „ანდაზების ბორბლის“ დახმარებით გაიხსენეს ანდაზები და შინაარსობრივად დააკავშირეს შესწავლილ მოთხრობებთან.
ბავშვებისთვის ძალიან სახალისო აღმოჩნდა ბარათებზე მუშაობა, სადაც სხვადასხვა საგანი იყო გამოსახული. მათ კი ევალებოდათ გაერჩიათ „ი“ და „ა“ ასეო-ბგერებზე დაწყებული სახელები.
„ანბანეთის სამეფოში“ მოგზაურობისას, ბავშვებს მეგზურობა გაუწიეს საყვარელმა ზღაპრის გმირებმა, რომლებმაც პატარებს საიდუმლო წერილები მოუმზადეს. თითოეულ წერილში საინტერესო კითხვები იმალებოდა. ბავშვებმა წარმატებით შეასრულეს ყველა დავალება და საბოლოოდ, მოიპოვეს ანბანის ჯადოსნური სამეფოს გასაღები“, - გვეუბნებიან სკოლაში.
მათ ასევე პირველი ასო-ბგერები დიდი მონდომებით მოხაზეს. საგაკვეთილო პროცესი კი მეტად გაამრავალფეროვნა ხელოვნური ინტელექტის ჩართვამ.
„ყოველივეს, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, იაკობ გოგებაშვილის მილოცვაც დაემატა, რამაც ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებულ და შთამბეჭდავ მოვლენად აქცია. „ანბანეთიდან“ გამოაბრძანეს და თან მოხაზეს პირველი მეგზურები - ასო-ბგერები „ა“ და „ი“. ბოლოს კი ჰელიუმის ბუშტებით ხელში, პატარები გამოემშვიდობნენ იმ დროს, როცა წერა-კითხვა არ იცოდნენ. ეს იყო ემოციური მომენტი-თითქოს პატარები ბავშვობას ემშვიდობებოდნენ და ცოდნის, ზრდისა და ახალი აღმოჩენების სამყაროში გადადიოდნენ“, - ასე აფასებენ სკოლაში ამ დღეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: