ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას. სწორედ ამიტომ, სკოლაში, საინტერესო, მრავალფეროვანი ღონისძიებები და აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ტრადიციულად საშემოდგომო ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
„საშემოდგომო ფესტივალი „ანაბასისობა“ მნიშვნელოვანი მოვლენაა მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლისათვის, რადგან ის აერთიანებს სასწავლო პროცესს, შემოქმედებით აქტივობებს და საზოგადოებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
როგორც გვეუბნებიან, ფესტივალის ჩატარებამ სკოლაში ხელი შეუწყო როგორც სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას, ისე მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. ფესტივალზე მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გამოევლინათ თავიანთი შემოქმედებითი უნარები ხელოვნებაში, მუსიკაში, სცენარებისა და დეკორაციების შექმნაში.
მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წარადგინეს სხვადასხვა მუსიკალური ნომრები ქართული კინოფილმებიდან, მიუზიკლებიდან.
„წელს ფესტივალში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ჩავრთეთ, რომელმაც მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია და ერთი კუთხე ქონდა დათმობილი ხელნაკეთ ნივთებს.
ფესტივალმა ხელი შეუწყო მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების თანამშრომლობას და მათ საერთო ღირებულებებზე და ტრადიციებზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარებას“, - გვიყვებიან სკოლაში.
კლასის საშემოდგომო კუთხის შექმნაში მასწავლებლებთან ერთად მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
„სკოლის ეზო მრავალფეროვანი აქსესუარებით იყო მორთული თითქოს საქართველოს მთელი შემოდგომა აქ გადმოეტანოთ“, - ამბობენ სკოლაში.
ყველა კლასის სივრცე იყო ორიგინალური, ლამაზი, სიურპრიზებით სავსე. ფესტივალის იდეა ითვალისწინებდა ტრადიციების შენარჩუნებას და სწავლებას: საშემოდგომო თემატიკის აქტივობებით: ყურძნის დაწურვა, თათარის მოდუღება, ჩურჩხელების ამოვლება.
მოსწავლეები გაეცნენ შემოდგომის ტრადიციებს, სიმბოლოებს და კულტურულ მნიშვნელობებს, რამაც გაამდიდრა მათი ცოდნა და ინტერესი ეროვნული მემკვიდრეობის მიმართ.
მათ ასევე განუვითარდათ სოციალური უნარები: ფესტივალზე ჯგუფური აქტივობების განხორციელებით უკეთესად ისწავლეს ერთმანეთთან თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ლიდერობის უნარები.
აღნიშნულ აქტივობებში პირველი - მეექვსე კლასის ყველა მოსწავლე იყო ჩართული.
„ეს დღე იყო მათთვის გართობა და განტვირთვა: ფესტივალმა შექმნა მხიარული და თავისუფალი გარემო, სადაც მოსწავლეებმა ხალისიანად გაატარეს დრო და უფრო მეტი მოტივაციით შეუდგებიან სასწავლო პროცესს. საშემოდგომო ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა , რომელიც ხელს უწყობს როგორც ცოდნის, ისე მოტივაციის, კულტურის და სოციალური უნარების განვითარებას. დიდი მადლობა მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს პოზიტიური თანამშროლობისთვის, რომელმაც ფესტივალი სასკოლო კულტურის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად აქცია“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ფესტივალს ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ფესტივალი ასევე, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ადგილობრივმა ტელევიზიამ გააშუქა.