კერძო სკოლა „ანაბასისში“, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეული აქტივობები იმართება.
ამჯერად, მეხუთეკლასელებმა ინტეგრირებული, პროექტის - „DO SOMETHING DIFFERENT - გააკეთე რაღაც განსხვავებული“ პრეზენტაცია რაჭაში განახორციელეს.
მათთან ერთად, რაჭაში უცხო ენების კათედრის გამგე - სალომე კაკაურიძე, რუსული ენის ფილოლოგი - მარინე კაპანაძე და ინგლისური ენის ფილოლოგი - ეკატერინე ორბელაძე, მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარე და მშობლები იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ როდესაც მოსწავლეებმა პროექტის განხორციელება გადაწყვიტეს, პრეზენტაციის გამართვის ადგილად შემოდგომის რაჭა აირჩიეს. საოცარი ფერებით მორთულ გარემოში პრეზენტაციები მოსწავლეებმა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე გამართეს.
შთამბეჭდავი დღის შესახებ ინფორმაციას თავად სკოლაში გვიზიარებენ.
„ბავშვებმა გააცოცხლეს ლეგენდები და ისტორიები საოცარი ადგილებისა, როგორებიცაა: ძევრის გამოქვაბულები, ცხრაჯვარის სასწაულთმოქმედი სალოცავი, ნიკორწმინდა, ბარაკონი, მრავალძალი, სიყვარულის ჩანჩქერი, რაჭის ბუნებრივი მღვიმე „საყინულე” შაორის ულამაზესი წყალსაცავი. ნანახმა მათზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. პროექტის ერთ-ერთი მიზანი იყო საკითხისადმი კომპლექსური, ინტეგრირებულ-ინტერაქტიური მიდგომები. ასეთი გაკვეთილები საშუალებას იძლევა, ცხადი გავხადოთ მოსწავლეებისათვის შესასწავლი მასალის მნიშვნელობა და პრაქტიკულობა, რთული მასალა მივაწოდოთ მარტივი თვალსაჩინოების გამოყენებით, ავამაღლოთ მოსწავლეთა ემოციური და ინტელექტუალური დონე. თავად მოსწავლეებს კი, თვითრეალიზაციის საშუალება ეძლევათ. ასეთი გაკვეთილები ასევე ხელს უწყობს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის განმტკიცებას, ახალი ინფორმაციის ათვისებას, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, დაკვირვების, მხედველობითი მეხსიერების ფორმირებას. ბუნებაში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილები, გარდა შემეცნებით-ესთეტიკური მნიშვნელობისა, მოსწავლეთა პროფორიენტაციასაც ემსახურება. ასეთი გაკვეთილი სახალისოა, პოზიტიურ ფსიქო-ემოციურ გარემოს ქმნის .მეხუთეკლასელებს განმავითარებელი შეფასება მისცეს პედაგოგებმა, მოსწავლეებს მოტივაცია გაუჩნდათ საქართველოს სხვა კუთხეების მნიშვნელოვანი ისტორიულ ადგილებიც მოინახულონ და პროექტები განახორციელონ ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე. მოზარდებში ინტერესის გაღვიძება სწავლების შემდგომ ეტაპებზე იწვევს არა მარტო სწავლების მოტივაციის ხელშეწყობას, არამედ სწავლის ხარისხის ზრდასაც. წარმატებები პროექტის ხელმძღვანელებს: ინგლისური ენის ფილოლოგს - ეკატერინე ორბელაძეს და რუსული ენის ფილოლოგს - მარინე კაპანაძეს და მეხუთეკლასელებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები: