ახალციხის N4 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს განსაკუთრებულად საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მეშვიდე კლასის მოსწავლეები სიმონ ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმს, შესწავლილი მასალის - „ქვის ხანის" შესაჯამებლად, ეწვივნენ.
ისტორიის პედაგოგმა - ია გვენეტაძემ მოსწავლეებს სამუშაო გეგმა, ტესტური დავალების სახით, წინასწარ დაურიგა. მეშვიდეკლასელებს საგამოფენო დარბაზში არსებული ქვის ხანის ექსპოზიცია უნდა აღეწერათ და მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი ჩაეტარებინათ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მუზეუმში შესრულებული დავალების დახმარებით, მოსწავლეები ბუკლეტს შექმნიან. გარდა ამისა, ქვის ხანის სამუზეუმო ექსპონატების მიხედვით, პრეზენტაციას მოამზადებენ და სასკოლო საზოგადოებას გააცნობენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი დმანისის ნაქალაქარის მონახულება - ევროპასა და აზიაში ქვის ხანის უძველესი კერის საკუთარი თვალით ხილვა და აღქმა, აღმოჩნდა.
„აღნიშნული აქტივობის განხორციელებით, მოსწავლეებმა შეძლეს პრეისტორიულ ეპოქასთან დაკავშირებული მოვლენებისა და პროცესების სხვადასხვა ტიპის წყაროების საფუძველზე შესწავლა და ინტერპრეტირება. გააანალიზეს წყაროების მნიშვნელობა - წარსულის კვლევისთვის, შეძლეს ისტორიული მოვლენებისა და პროცესების ერთმანეთთან დაკავშირება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოკვეთა. იმსჯელეს პირველყოფილი ადამიანის განსახლების არეალსა და ბუნებრივ პირობებზე“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: