„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეები არა მხოლოდ იღებენ ხარისხიან განათლებას, არამედ აგროვებენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, ერთვებიან საინტერესო გლობალურ კამპანიებში და პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მნიშვნელოვან უნარებს ივითარებენ.
ახლახან, GAHS-ში გაეროს მოდელირების შიდასასკოლო კვირეული დასრულდა.
მოდელირებაში მონაწილეობდნენ GAHS VIII-XI კლასის მოსწავლეები და საზოგადოებრივ/საბუნებისმეტყველო კათედრების მასწავლებლები.
მოსწავლეებმა მოირგეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატების როლი, გამართეს დებატები და მოლაპარაკებები, წარადგინეს და დაიცვეს საკუთარი ქვეყნების პოზიცია.
დელეგატებმა იმუშავეს 6 კომიტეტში და განიხილეს აქტუალური საკითხები:
1. ქალთა უფლებების კომიტეტი - მუსლიმ ქალთა უფლებები;
2. ადამიანთა უფლებების კომიტეტი - ევთანაზია;
3. ეკოლოგიის კომიტეტი - ურბანული ცოცვა;
4. ნარკოტიკების კომისი ა- ოპიუმის მოხმარება რეალიზაციის შემცირება;
5. ბავშვთა უფლებების კომიტეტი - ბავშვთა უკონტროლო გაყიდვა/გაშვილება 1960-2000 წლებში;
6. განათლების და კულტურის კომიტეტი - რელიგიური გაკვეთილების სასკოლო კურიკულმში არჩევითი სახით შეტანა.
სიმულაციის კულმინაცია რეზოლუციის შემუშავება და დამტკიცება იყო.
მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაენახათ, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები საერთაშორისო დონეზე, როგორ მუშაობს მრავალმხრივი დიპლომატია, მთლიანად გაერო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა გამოავლინეს შესაძლებლობები როგორც დიპლომატმა, ლიდერმა, ორატორმა და ექსპერტმა ერთდროულად.
სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან მე-10 კლასის მოსწავლეს ბარბარე ქობესაშვილს გაეროს მოდელირების ორგანიზებისა და მასში აქტიური მონაწილეობისთვის.
იხილეთ ფოტოები: