ნინო ჯოჯუა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლის დირექტორია, რომელიც ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს ღირსეულად ემსახურება - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას დიდი პასუხისმგებლობით ხელმძღვანელობს და განათლებული თაობების აღზრდაზე ზრუნავს. მისთვის პრიორიტეტულია შექმნას ძლიერი სკოლა, რაც, მისი თქმით, წარმატებული მომავლის საწინდარია.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლის დირექტორი ნინო ჯოჯუა პასუხობს.
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- სწორ ინტერპერსონალურ და ინტრაპერსონალურ უნარებსა და მახასიათებლებს მენეჯერის მხრიდან. სასწავლო პროცესის ეფექტურად უზრუნველსაყოფად.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ის ფაქტი, რომ მოსწავლე-მასწავლებლის კარგ ურთიერთობას დიდწილად განაპირობებს მოსწავლის აკადემიური წარმატება, მისი სოციალურ-ემოციური კეთილდღეობა, მოტივაცია და ქცევა. განსაკუთრებით საგრძნობია ეს იმ ბავშვების შემთხვევაში, რომელთა სასკოლო ცხოვრება მაინცდამაინც წარმატებული არაა. პედაგოგთან კარგი ურთიერთობაში მყოფ მოსწავლეებს აქვთ უკეთესი მაჩვენებლები სასკოლო მუშაობაში, ტესტების შედეგში და უფრო მოწესრიგებული არიან სწავლის ფორმალურ ნაწილსა და სასკოლო წესების დაცვაში, ვიდრე მოსწავლეები, რომლებსაც მასწავლებელთან არ აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება. მათ შემთხვევაში ვლინდება სასკოლო მუშაობის ჩვევების დეფიციტი და დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი. პედაგოგებთან კარგ ურთიერთობაში მყოფ მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ ქცევითი სირთულეები და უკეთესად ურთიერთობენ თანაკლასელებთან.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ვხედავ მათ მონდომებას და მიზანდასახულობას სწავლისადმი. ძალიან ვამაყობ მათი წარმატებებით, თუნდაც კურსდამთავრებული მოსწავლეების მაღალი ქულებითა და გრანტებით.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ძლიერ სკოლას, სკოლის სიძლიერე კი წარმატებული მომავლის საწინდარია. წარმატება თავდაუზოგავი შრომის შედეგია...
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- სკოლაში საგაკვეთილო პროცესის სტაბილურად ორგანიზება და მობილიზება...
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ასეთი ნაწარმოებები უამრავი არსებობს ქართულ ლიტერატურაში. არის ისეთი ღირსშესანიშნავი ნაწარმოებები და პოემები რომელთა ზეპირად ცოდნა საჭირო და აუცილებელია...
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- საახალწლო ღონისძიება...