„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს“-ფიქრია კურტანიძე, აზმანის საჯარო სკოლის დირექტორი
06-11-2024

ფიქრია კურტანიძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია შექმნას სასწავლო გარემო, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, მისთვის ყველაზე დიდი მოტივაცია, ცნობისმოყვარე ბავშვების მოციმციმე თვალებია, რომლებიც მისგან რაღაც ახლის შეცნობას ელიან. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლის დირექტორი ფიქრია კურტანიძე პასუხობს. 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს სასკოლო საზოგადოების წევრების  მიმართ, შენი საქმისადმი და ბავშვებისადმი უსაზღვრო სიყვარულს და პასუხისმგებლობის გრძნობას. 

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ურთიერთგაგება, მეგობრობა, თანადგომა და სიყვარული.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- თითოეული მათგანი განსაკუთრებულია.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ურთიერთობებს, რომელიც ნამდვილია, თანამშრომლობითია  და ღერძია თითოეული ჩვენგანის  წინსვლის და განვითარების. 

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- უბრალოდ ახალი დღე, ფინჯანი ყავა და ჩემი ბავშვების მოციმციმე თვალები, რომლებიც რაღაც ახლის შეცნობას მოელიან ჩემგან.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- და რომელმაც წიგნის კითხვა შემაყვარა ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსია“, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ყველა ნაწარმოებს თავისი ხიბლი აქვს და რჩევა და რეკომენდაცია ჩემგან ყველა მოსწავლისათვის არის რაც შეიძლება ბევრი იკითხონ. აუცილებლად წასაკითხი წიგნებია: „ფრანით მორბენალი“, „ყვავილები ელჯერნონისთვის“, „საბრალონი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა“, „იგი“ და სხვა. დაუსრულებლად შემიძლია გავაგრძელო წიგნებზე საუბარი და რადგან ბლიცია შევჩერდები.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ალბათ მაინც საახალწლო ღონისძიება ასოცირდება ყველა ბავშვისთვის განსაკუთრებულ სიხარულთან და არც მე ვიქნებოდი გამონაკლისი, თუმცა ყველა ღონისძიებაში ვღებულობდი მონაწილეობას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203