დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობები ეწყობა.
ამჯერად, პედაგოგ დარეჯან პაპიაშვილი-ჩოხელის ხელმძღვანელობით, V კლასში შთამბეჭდავი პროექტი - „დიდი პედაგოგი - იაკობ გოგებაშვილი“ ჩატარდა. მისი მიზანი ბავშვებში ეროვნული ღირებულებების გაძლიერება და კრიტიკულად აზროვნების უნარის განვითარება გახლდათ.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები წაიკითხეს. ისინი ნაწარმოებებს როგორც სკოლის ბიბლიოთეკაში მოძიებული წიგნებით, ასევე ელექტრონული რესურსებით გაეცნენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს მათ ეროვნული თვითშეგნების ამაღლებაში დაეხმარათ.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მშობლების დახმარებით, ბავშვებმა მოთხრობების პერსონაჟები დახატეს და პრეზენტაციები ჩაატარეს. მოსწავლეებმა განიხილეს, თუ რა სურს ავტორს და როგორ შეიძლება ამ იდეებმა მათი ეროვნული თვითშეგნება გააძლიეროს.
ღონისძიების დასასრულს, სკოლის დირექტორმა - ეკატერინე ჩიტაურმა, უნიკალური ორგანიზებისთვის, პედაგოგს მადლობის სიგელი გადასცა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლეებსა და მშობლებს.
„ეს პროექტი არის მშვენიერი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვაძლიერებთ ჩვენი მომავალი თაობის ეროვნული ღირებულებებისა და პასუხისმგებლობის გრძნობას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: