„საფრანგეთი“ ჭიათურაში - ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალაქის მთავარ დღესასწაულზე საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს
07-11-2024

ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

მათ შორის იყო 12 ოქტომბერს ქალაქის მთავარი დღესასწაულის „ჭიათურობის“ აღსანიშნი ზეიმი, რომელიც სხვადასხვა საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიებებით იყო დატვირთული. ქალაქის ქუჩები საზეიმოდ მოირთო.

აღნიშნულ საქალაქო დღესასწაულში აქტიურად იყო ჩართული ჭიათურის N2 საჯარო სკოლა, რომელმაც საფრანგეთი და მისი მთავარი ღირებულებები წარმოადგინა და ასე მიულოცა თანაქალაქელებს დღესასწაული.

გამარჯვების პარკში საზეიმოდ იყო მორთული მეორე საჯარო სკოლისთვის გამოყოფილი სივრცე. სტუმრებს აქ მინი-საფრანგეთის ნახვა შეეძლოთ, მისი მთავარი ღირსშესანიშნაობებით.

„ეიფელის კოშკსა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან სურათების გადასაღებად მნახველების რიგი იდგა. იყო კანის ფესტივალის წითელი ხალიჩა. სკოლის მოსწავლეებმა ჩვეული ოსტატობით გააცოცხლეს  ფრანგული კინემატოგრაფიისა და ლიტერატურის პერსონაჟები: ულამაზესი ესმერალდა და კვაზიმოდო, პატარა უფლისწული და ავიატორი, რევოლუციონერი ბიჭი გავროში, ასევე - მსოფლიო კინოვარსკვლავები და მოდელები: ბელმონდო, ჟან რენო, ნატალი პორტმანი, ოდრი ტატუ, ბრიჯიტ ბარდო, ლეა სედუ, დიზაინერი კოკო შანელი და მისი მოდელები“, - გვიყვებიან სკოლაში.

მრავალფეროვანი დეკორაციებით იყო წარდგენილი და მნახველებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კოკო შანელის დიზაინის კუთხემ.

„აქვე ნახავდით შეფმზარეულის კუთხესაც, სადაც ხაბაზები საოცარი ოსტატობით საქმიანობდნენ, ზელდნენ ცომს და დამთვალიერებლებს სთავაზობდნენ ფრანგულ ბაგეტებს

საოცარი სანახავი იყო ცნობილი მონმარტის ქუჩა, ნახატების გამოფენითა და ტილოებთან მომუშავე მხატვრებით. აქვე იყო მინიბარი, სადაც ფრანგული ღვინითა და კრუასანებით  გაგიმასპინძლდებოდნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეები მშობლებთან და ფრანგული ენის (ასევე ინგლისური ენის) მასწავლებელ ნათია უზნაძესთან ერთად, ფრანგული დროშის ფერებში ლამაზად გამოწყვნენ

„ამ დღეს საოცარი სანახავი იყო პარიზი, ერთი დღით ჭიათურაში, ულამაზესი ცადაზიდული საშევარდნოს კლდისა და შავი ყვირილის შუაში გადმოტანილი და მოზეიმე.

„პარიზის“ თავზე ამაყად ფრიალებდა საფრანგეთის სამფეროვანი დროშა. ფრანგული მუსიკის ფონზე  საფრანგეთის „ქუჩებში“ ამაყად დააბიჯებდა სტუმრებთან, კოლეგებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად ფრანგული დროშის ფერებში გამოწყობილი, ფრანგული ენის (ასევე ინგლისური ენის) მასწავლებელი ნათია უზნაძე“, - ამბობენ სკოლაში.

ღონისძიების ხელმძღვანელ პედაგოგებს მადლობას უხდიან ამ დღესასწაულის გალამაზებისთვის და წარმატებებს უსურვებენ.

„მადლობა ამ ღონისძიების სულისჩამდგმელებს, პედაგოგებს: ნათია უზნაძეს, ნათია ბოღოჩაძეს, გურანდა გელბახიანს, ნინო აბრამიშვილს, ნინო ხვედელიძეს, მაკა ცერცვაძეს, მეგი მამაცაშვილს, ცირა ხიჯაკაძეს, ლალი გაფრინდაშვილს, ეკა ცერცვაძესა და ნათელა ცუცქირიძეს,  სკოლის დირექციის უდიდესი მხარდაჭერითა და ჩართულობით  ასე რომ გაგვილამაზეს  მშობლიური ქალაქის მთავარი სადღესასწაულო დღე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203