სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მიდგომა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და თავშესაქცევია.
ახლახან, სკოლის VIII კლასის მოსწავლეები, პროექტის - „საქართველოს სამკურნალო წყლების“ ფარგლებში, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელ ნაირა ბერულავასთან ერთად ესტუმრნენ სენაკის მუნიციპალიტეტში არსებულ მენჯის თერმულ წყლებს.
მოსწავლეები გაეცნენ თერმული წყლის შედგენილობასა და სამკურნალო თვისებებს. მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ სარგებლობს მოსახლეობა წყლით, რა სასარგებლო თვისებები აქვს მას და დაათვალიერეს ძველი აბაზანები.
მოსწავლეებმა ასევე მოილოცეს ალექსი ბერის (შუშანიას) საგვარეულო ეკლესია და მოინახულეს ომში დაღუპული გმირების პატივსაცემად აღმართული ჯვარი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდნენ ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი შაქრო კოკაია და არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელი თეონა ჯანაშია.
იხილეთ ფოტოები: